ევროკავშირი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.
„ევროკავშირი მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, მათ საშინელ განსაცდელს დაასრულებს, რომელიც უკვე 15 თვეზე მეტია გრძელდება, დაასრულებს ბრძოლას და ღაზაში ჰუმანიტარულ ტანჯვას შეამსუბუქებს“, – აცხადებს კაია კალასი.
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის ერთგულია, რომლითაც ისრაელი და პალესტინა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას შეძლებენ.
„ჩვენ ამ მიზნის მიღწევაში წვლილს პალესტინის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შევიტანთ, რათა მას აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების, რეფორმების გატარებისა და ისრაელთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით პოლიტიკური პროცესის აღდგენაში დავეხმაროთ“, – აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.