კაია კალასი: განვიხილეთ მაღალჩინოსნების სანქცირება, რომლებიც ძალადობის უკან დგანან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ EU-ის საგარეო მინისტრების დღევანდელ საბჭოზე განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხიც.
კერძოდ, ის ამბობს, რომ “განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან”.
ეს განცხადება მან საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე გააკეთა. ამავე ბრიფინგზე EU-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.
“საქართველოში სიტუაცია მოსახლეობისთვის პოზიტიური მიმართულებით ნამდვილად არ მიდის. დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციურ ხმებს ან არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. ამის საპასუხოდ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტექსტი და შევწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობისთვის
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას, გადავამისამართებთ დახმარებას, რომელსაც ვუწევდით ხელისუფლებას და გადავცემთ ამ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას. როგორც სირიაში, სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, ისე საქართველოში – საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალი ექნებათ მათ”, – თქვა მან.