ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ბრიუსელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სათადარიგო გეგმაც აქვს, თუ უნგრეთის ვეტოს დაძლევა არ მოხდება. მან ამაზე უკრაინაში, ლვოვში ვიზიტისას ილაპარაკა.
კალასი ამბობს, რომ ევროკავშირის აზრით ორმხრივმა საკითხებმა არ უნდა შეაფერხოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და რომ ევროპული სტრუქტურები მზად არიან შესაძლო ვეტოსათვის.
„ჩვენ გვაქვს გეგმა B და გეგმა C. თუმცა, ჩვენი ყურადღება A გეგმაზეა გამახვილებული, რაც ყველას მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს“, – განაცხადა კალასმა. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ევროკავშირი უნგრეთთან დიალოგს აწარმოებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
„უკრაინას თავისი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი და ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება. ჩვენ უნგრეთის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ“, – თქვა კალასმა.
მან ასევე ილაპარაკა უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე და თქვა, რომ ყველაფერი დოკუმენტირებულია. „დღეს ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ“, – აღნიშნა კალასმა და დასძინა, რომ ეს „ლიდერების დანაშაულია“, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულებზე პასუხი ქვეყნის ხელმძღვანელობამ უნდა აგოს.
ფორუმი
