კათოლიკე მღვდლებს ბუზმარეთის ტაძართან არ უშვებენ

ბუზმარეთის ტაძართან მისასვლელად კათოლიკე მღვდლებს საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები სასაზღვრო ზოლში არ უშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
კათოლიკე სასულიერო პირი ბექა ჩილინგარაშვილი პოლიციას უხსნის, რომ ისინი ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ბუზმარეთში, 13 საათზე წირვის ჩატარებას აპირებენ და ახსენებს, რომ მათ ამის შესახებ სამართალდამცველები საქმის კურსში გუშინ ჩააყენეს.
პოლიციელები სასულიერო პირს ეუბნებიან, რომ ბუზმარეთში მართლმადიდებლური ეკლესიაა და იქ ამჟამად მართლმადიდებელი მღვდლები იმყოფებიან და ატარებენ წირვას. კათოლიკე სასულიერო პირებს კი 15 საათამდე არ შეუშვებენ. მრევლს სასაზღვრო ზონაში შესვლა შეუძლია. კათოლიკე მღვდლები ამბობენ, რომ მათ 13 საათზე წირვა სპეციალურად დანიშნეს, რადგან ამ დროს მართლმადიდებელი ეკლესიის წირვა უკვე დასრულებულია.
შესვლაზე უარის შემდეგ კათოლიკე სასულიერო პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება წირვა ჩაატარონ გარეთ და შემდეგ მოილოცონ ბუზამარეთის ტაძარი.
ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში კათოლიკეებმა, სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი, საზღვრის გარეთაა.
ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან.
კათოლიკეები წირვას უკვე წლებია არა ეკლესიაში, არამედ ეკლესიის გარეთ ატარებენ ხოლმე, თუმცა ხშირად ექნებათ პრობლემები ლიტურგიით ტაძრის მიახლოებასთან დაკავშირებით.
· ევსაქები გმობენ ბუზმარეთში კათოლიკეებისთვის ღვთისმსახურებაში ხელშეშლის მცდელობას
· კათოლიკე ეკლესიის პასუხი საპატრიარქოს ბუზმარეთის ინციდენტზე
· “აქ არ შეიძლება” — რა მოხდა მართლმადიდებელ ბერსა და კათოლიკე მღვდელს შორის ბუზმარეთში

ასევე დაგაინტერესებთ