კავკასიონის მყინვარები დნება – საქართველო მზად არ არის

„მიუხედავად იმისა, რომ კავკასიონის მყინვარები დნება და შარშან საქართველოში, შოვში, მრავალკომპონენტიანი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, დღემდე საქართველოს მყინვარები არ არის საკმარისად შესწავლილი და ადრეული შეტყობინების სისტემა მხოლოდ ერთი მყინვარის ხეობაშია დამონტაჟებული.
ონის მერიას, სადაც ერთი წლის წინ, მყინვარული ღვარცოფი ჩამოვიდა, ამჟამად საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა დამტკიცებული არ აქვს“, – ნათქვამია ონლაინგამოცემა „კაქტუსის“ სტატიაში.
რა მდგომარეობაა მყინვარებზე
კავკასიონის მყინვარების ბოლო ინვენტარიზაციის შედეგად, 2000-2020 წლის პერიოდის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 20 წლის განმავლობში, მთლიანად კავკასიონის მყინვარის ფართობი შემცირებულია 23 %-ით, რაც, მეცნიერების აზრით, აღმოსავლეთ კავკასიონზე უახლოეს ათწლეულებში მყინვარების უმეტესობის გაქრობის საფრთხეს ქმნის.
„კაქტუსი“ გლა­ცი­ო­ლო­გს, ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რს, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლ პრო­ფე­სო­რს ს ესაუბრა.
მეცნიერი აღნიშნავს, მომატებული დნობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, ზაფხულის ტემპერატურის მატება და ზამთრის ნალექების კლებაა, ასევე საჰარის უდაბნოს მტვერი, რომელიც ბოლო ათწლეულებში კავკასიონის მყინვარებზე არაერთხელ დაილექა.
„დღესდღეობით მყინვარები ინტენსიურად დნება მსოფლიოს ყველა მთიან რეგიონში. დნობის განსაკუთრებულად მაღალი ტენდენციები 2000-იანი წლების შემდეგ შეინიშნება. მაგალითად, კავკასიონის მყინვარებმა ამ პერიოდში 320 კვადრატული კილომეტრი ყინულის საფარი დაკარგა. შედარებისთვის, ეს იგივეა, რაც აბაშის რაიონის ფართობი დასავლეთ საქართველოში. მოცულობა რომ გამოვიანგარიშოთ, ეს იქნება დაახლოებით 13 კუბური კილომეტრი ყინული, რაც დააახლოებით 11 გეგატონა წყლის ეკვივალენტია.“
ლევან ტიელიძე გამოცემასთან პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ მყინვარების დნობის შეჩერების შანსები, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მინიმალურია.
ადრეული გაფრთხილების სისტემა ერთადერთ ხეობაში
საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემა მხოლოდ ერთადერთ მყინვარულ ხეობაშია დამონტაჟებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დევდორაკის ხეობაში.
როგორც „კაქტუსი“ წერს, ამას ადასტურებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მათთვის მოწოდებული ინფორმაციაც, რომ ამალი-დევდორაკის განგაშის სისტემის გარდა, მსგავსი სისტემა სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით არ აქვს.
განგაშის Ბოლო სიგნალი დევდორაკის ადრეული შეტყობინების სისტემამ 2024 წლის 6 ივნისს გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს
ფოტოზე: გაჭიმული ბაგირები მდინარეებზე – ამალი და დევდორაკი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად, კომპანიიდან GEOTEST AG., ადრეული შეტყობინების სისტემა ზღვის დონიდან 1 800 და 3 300 მეტრ სიმაღლეზე, სატესტო რეჟიმში, დაამონტაჟეს | 23/10/2016 |
რას (არ) აკეთებს სახელმწიფო სტიქიასთან გასამკლავებლად?
ჯერ კიდევ 2012-2016 წლის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამის მიხედვით, 2021 წლისთვის უკვე დანერგილი უნდა ყოფილიყო ადრეული გაფრთხილების სისტემები.
რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით?
როგორც „კაქტუსი“ წერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი, ლევან დავითაშვილი, რომელიც ამჟამად ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია, 2018 წელს ამბობდა, რომ „2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება.“
2024 წლის ივლისის მდგომარეობით, მინისტრის ეს პირობა არ შესრულებულა.
სტატიის მიხედვით კი, რომელიც „კაქტუსმა“ ორი თვის წინ გამოაქვეყნა, ადრეული გაფრთხილებისა და შეტყობინების სისტემები, დევდორაკის გარდა, სხვა მყინვარებთან არ არის დამონტაჟებული, ჰიდრომეტეოროლოგიური ტექნოლოგიების მხოლოდ ნაწილია ნაყიდი და სატესტო რეჟიმში მუშაობს, ხოლო ცენტრალური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცნობიერება ადრეული შეტყობინების სისტემებზე დაბალია.
მყინვარების კონტროლი
„კაქტუსი“ წერს, რომ მყინვარებზე მონიტორინგი, ძირითადად, როგორც საველე გასვლების, ცოცხალი მონიტორინგის, ასევე დისტანციური ზონდირების [მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები] და ციფრული სიმაღლებრივი მოდელების, Digital Elevation Model (DEM)] გამოყენებით ხდება.
„ბოლო პერიოდში, გახშირებული მყინვარული სტიქიების შედეგად, განვითარებულ ქვეყნებში ასევე ფართოდაა დანერგილი ადრეული შეტყობინების სისტემებიც“, – აღნიშნავს „კაქტუსთან“ საუბარში ლევან ტიელიძე.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიხედვით, კლიმატის ცვლილების შედეგად გახშირებული სტიქიური მოვლენების ფონზე, მოახლოებული ბუნებრივი კატასტროფის შესახებ, როგორიცაა ქარიშხალი, წყალდიდობა, ცუნამი და ა.შ., ადრეულმა გაფრთხილებამ, მხოლოდ 24 საათით ადრეც, შეიძლება ზიანი 30%-ით შეამციროს.
საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო არის სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია მყინვარების მონიტორინგზე. შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსების გამო, საქართველოში მხოლოდ ერთი – დევდორაკის – მყინვარული ხეობაა მეტ-ნაკლებად შესწავლილი და მიმდინარეობს მასზე მონიტორინგი.
„კაქტუსი“ წერს, რომ სააგენტოს მიერ გამოცემისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, გარემოს ეროვნული სააგენტო, „მყინვარების მასის ბალანსის” დადგენის კუთხით კვლევას არ აწარმოებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალისტები „ყოველწლიურად“ სწავლობენ მყინვარებს, როგორც ადგილზე გასვლით, ასევე გლობალური ღია მონაცემებით, რომელიც საჯაროა ყველასთვის.
მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით კი, მყინვარების დისტანციური ზონდირების მეთოდის გამოყენებით მუშავდება Landsat 8-ის, Sentinel 2-ის მაღალი გარჩევადობის ორთოფოტები. სააგენტოს სპეციალისტები იყენებენ „მიწისპირა ყინულების გლობალური გაზომვები კოსმოსიდან“ [Global Land Ice Measurements from Space – GLIMS], მსოფლიო მყინვარების კატალოგის [World Glacier Inventory – WGI] მონაცემებს. მყინვარების კვლევისას, ხდება მყინვარების უკან დახევის მაჩვენებელის, ფართობის, სიგრძის, ექსპოზიციისა და მორფოლოგიური ტიპის დადგენა“.
თუმცა, გამოცემასთან სპეცილიასტები ამბობენ, რომ ეს სატელიტური ფოტოები არ შეიძლება მაღალი გარჩევადობის ფოტომასალად ჩაითვალოს.
სპეციალისტების თქმით, „მაღალი გარჩევადობის“ ფოტო შეიძლება იყოს დრონიდან გადაღებული და არა კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული გამოსახულება. Მაგალითისთვის: Sentinel 2-ის მაქსიმალური გარჩევადობა [რეზოლუცია] არის 10 მეტრი, ხოლო Landsat 8-ის – 15 მეტრი. მაღალი რეზოლუციის სურათები შეიძლება იყოს SPOT ან PLEIADES ან MAXAR სატელიტური გამოსახულებები, რომელთა გარჩევადობა რამდენიმე ათეული სანტიმეტრიდან 2 მეტრამდეა.
„რაჭის ტრაგედიის დროს მოხერხდა 3.5 მ Planet Labs-ის სურათების გამოყენება [მათზე წვდომა შესაძლებელია უსასყიდლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის – მე, მაგალითად, მომცეს წვდომა, როდესაც ილიაუნის სახელით მივმართე], მაგრამ ამ სურათებითაც ვერ ხერხდება სრულიად დამაჯერებელი სურათის მიღება.
არც ის არის გარანტირებული, რომ მაღალი გარჩევისუნარიანობის სურათებითაც მოხერხდება სრული სურათის მიღება – გლაციალური პროცესები საკმაოდ რთულად ექვემდებარება ანალიზს, სურათები მხოლოდ ნაწილია ანალიზისთვის საჭირო ინსტრუმენტების,“ – ამბობს მამუკა გვილავა.
გარემოს ეროვნული სააგენტო, შვეიცარიელი ექსპერტები და ახალი პროექტის გაურკვეველი დეტალები
შვეიცარიულ კომპანია GEOTEST AG.-ის სპეციალისტებთან გარემოს ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან თანამშრომლობს. GEOTEST AG.-თან სააგენტომ თანამშრომლობა განაახლა შარშანაც, ს სტიქიის შემდეგ.
2024 წლის 16 თებერვალს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა GEOTEST AG.-ის სპეციალისტების შესრულებული მოსაზრება რაჭის კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შესახებ. GEOTEST AG.-ის მოსაზრებები და სიმულირების შედეგები, ძირითადად, ეთანხმებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს შესრულებულ შინაარსობრივ ანგარიშს. გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ გაუსაჯაროებია, რამდენი გადაუხადა ამ ანგარიშში GEOTEST AG.-ს.
ამავე ანგარიშში კვლევის ავტორები წერენ, რომ საქართველოში მყინვარული ხეობები შეუსწავლელია, რაც გამოსასწორებელია. მყინვარული ხეობების შესწავლის ახალ პროექტში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ისევ GEOTEST AG. აიყვანა, – თვეების წინ მათივე შექმნილი ანგარიშის რეკომენდაციების საფუძველზე.
“ბათუმელების” ინფორმაციით, მყინვარული ხეობების შესწავლის პროექტის ღირებულება 594 ათასი ევროა. “ბათუმელების” ინფორმაციითვე, ხელშეკრულება ტენდერის გარეშე დაიდო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნატო სულუაშვილმა, გვითხრა, რომ ხელშეკრულება სააგენტოსა და GEOTEST AG.-ს შორის მიმდინარე წლის 2 მაისს გაფორმდა. მისივე თქმით, GEOTEST AG.-ისგან სააგენტომ მომსახურება „გამარტივებული წესით შეისყიდა“ და ხელშეკრულების ტენდერების საიტებზე მოძებნა გვირჩია.
სახელმწიფო შესყიდვების [ტენდერების] ვებ-გვერდზე ასეთი ტიპის შესყიდვებში [B2B, NAT, SPA, MEP, DAP] შესაბამისი ხელშეკრულების ასლი არ იძებნება. საჯარო ინფორმაციის წერილზე კი, რომელიც ამ თემაზე 17 ივლისს გამოვითხოვეთ, ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ.
„17 ივლისის წერილზე გარემოს ეროვნულის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, 1 აგვისტოს, დაგვიანებით, გვიპასუხა და პასუხში კვლავ არ დაუზუსტებია ხელშეკრულების ფინანსური წარმომავლობა [დონორი თუ სახელმწიფო ბიუჯეტი], სხვა გამოთხოვნილ დეტალებთან ერთად, რომელიც პროექტის სამეცნიერო ნაწილსაც ეხებოდა.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვებგვერდზე ახალი ამბავი გამოაქვეყნა, რომელიც ამ პროექტს ეხება, მაგრამ ნიუსი არ შეიცავს ისეთ საბაზისო მონაცემებს პროექტზე, როგორებიცაა: პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები, მყინვარების კვლევის მეთოდოლოგია, კვლევაში 22 მყინვარის ჩართვის კრიტერიუმები, მკვლევრების სახელები და ასე შემდეგ“, – წერს „კაქტუსი“.