კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორები პროტესტის ნიშნად ტოვებენ

მას შემდეგ, რაც ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ კავკასის უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გაათავისუფლეს, უნივერსიტეტის დატოვების შესახებ კიდევ 8 ლექტორმა განაცხადა.
მათი პროტესტის მიზეზი, ბერიკაშვილის საქმის გარდა, არის უნივერსიტეტის პოზიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია შეუერთდა იმ 38 რექტორს, რომლებმაც გააკრიტიკეს საკუთარი უნივერსიტეტის ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ.
კავკასიის უნივერსიტეტს ტოვეენ ჟურნალისტები – ნიკო ნერგაძე, დავით ქაშიაშვილი და სალომე უგულავა.
„კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი,“ — დაწერა ნერგაძემ სოციალურ ქსელში. “ბოლო 10 წელია, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი, მათ შორის, 4 წელია – კავკასიის უნივერსიტეტში. მედიის სკოლის ყველა სტუდენტი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ეროვნული ღირებულებისადმი პატივისცემით სავსე ახალგაზრდაა. მათგან ბევრი რამ მისწავლია და ვსწავლობ ახლაც. სწორედ, მათი პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ”, – წერს დავით ქაშიაშვილი. “კავკასიის უნივერსიტეტში პატარა მივედი. ვასწავლი უკვე 6 წელზე მეტია. ყოველთვის მიმეჩქაროდა აუდიტორიაში იმიტომ, რომ საუკეთესო ბავშვები მხვდებოდნენ – სხარტები, ნათელი გონების და სწორი ღირებულებების. უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე. ამიტომ, ვწყვეტ თანამშრომლობას”, – ამბობს სალომე უგულავა.
უნივერსიტეტი დატოვა ნინო რობაქიძეც. მისი თქმით, უნივრსიტეტის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რისიც სჯერა და რასაც სტუდენტებს ასწავლიდა.
„ამ წლების განმავლობაში ვკითხულობდი რამდენიმე საგანს, თუმცა სისტემატურად ვკითხულობდი „გამოხატვის თავისუფლების მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს“. დღეს უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს,“ — წერს რობაქიძე ფეისბუკზე.
უნივერსიტეტის დატოვების ლევან ბერძენიშვილიც. ამის შესახებ მანაც სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს,“ — თქვა ბერძენიშვილმა.
უნივერსიტეტი დატოვეს ლევან მოსიაშვილმა, რუსუკო მ და დავით ჭუმბურიძემაც.
“ვემიჯნები უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიციას და ვტოვებ უნივერსიტეტს. ვერ ვიქნები მოღალატე ხელისუფლების პოზიციის გამტარებელი გუნდის ნაწილი. მიყვარხართ ჩემო სტუდენტებო, თქვენს გვერდით ვარ! სახელოვნად გავიმარჯვებთ!”, – წერს მოსიაშვილი. “მეც ვერ დავრჩები უნივერსიტეტში, რომელშიც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ. ასევე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიცია სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით”, – წერს დავით ჭუმბურიძე. “მე, რუსიკო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვაცხადებ, რომ ვტოვებ უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო. ჩემი უძვირფასესი სტუდენტების მომავლის გამო”, – დაწერა რუსიკო კობახიძემ.