მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლიდან სოსო ბერიკაშვილი დეკანის პოზიციიდან გაათავისუფლეს, უნივერსიტეტს ლექტორები ტოვებენ. ამ დრომდე, უნივერსიტეტის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს „კავკასიის მედია სკოლის“ ლექტორებმა:
· ნიკო ნერგაძე
„კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება”, – წერს ნერგაძე.
· ლევან ბერძენიშვილი
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
· ნინო რობაქიძე
„დღეს უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს”, – წერს ნინო რობაქიძე.
· სალომე უგულავა
„კავკასიის უნივერსიტეტში პატარა მივედი. ვასწავლი უკვე 6 წელზე მეტია, როგორც მიწვეული ლექტორი. ყოველთვის მიმეჩქაროდა აუდიტორიაში იმიტომ, რომ საუკეთესო ბავშვები მხვდებოდნენ – სხარტები, ნათელი გონების და სწორი ღირებულებების. უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე. ამიტომ, ვწყვეტ თანამშრომლობას”, – წერს უგულავა.
· დავით ქაშიაშვილი
„სტუდენტების პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ”, – წერს ჟურნალისტი.
· დავით ჭუმბურიძე
„რა თქმა უნდა, ვერ დავრჩები უნივერსიტეტში, რომელშიც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ. ასევე სრულიად მიუღებელია უნივერსიტეტის პოზიცია სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით”, – წასვლის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ჭუმბურიძემ თავად დაუდასტურა.
· რუსიკო კობახიძე
„მე, რუსიკო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვაცხადებ, რომ ვტოვებ უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო. ჩემი უძვირფასესი სტუდენტების მომავლის გამო”, – წერს კობახიძე.
· ლევან მოსეშვილი
„ვემიჯნები უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიციას და ვტოვებ უნივერსიტეტს. ვერ ვიქნები მოღალატე ხელისუფლების პოზიციის გამტარებელი გუნდის ნაწილი”, – წერს ის Facebook-ზე.
· დავით ბერძენიშვილი
„კავკასიის უნივერსიტეტში ვასწავლიდი საქართველოს ისტორიას და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, თუმცა ახლა ეს რუსთაველზე იწერება, სადაც ისედაც დგანან ჩემი სტუდენტები. ეს ჩემთვისაც ბოლო სემესტრია”, – ვკითხულობთ ბერძენიშვილის Facebook პოსტში.