კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო ემიჯნება კახა შენგელიას და სხვა რექტორების განცხადებას

“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ იზიარებს რექტორების განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას.
ამასთან დაკავშირებით პირად გვერდზე წერს მმართველთა საბჭოს წევრი ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილიც.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ლექტორებო, სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო. უმორჩილესად გთხოვთ, გვაპატიოთ ეს დიდი გაუგებრობა და მხედველობაში მიიღოთ, რომ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით არის ურყევი. არა რუსულ კანონს!
ჩვენ – კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ, უკან გამოვიწვიეთ უნივერსიტეტის ხელმოწერა რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე”, – წერს ჟიჟილაშვილი.
კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს განცხადებაში წერია, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და ლექტორების გამოხატვის თავისუფლების დაცვას.
“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით „კავკასიის უნივერსიტეტის“ საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს