კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – ეროვნული ღირებულებების გავრცელებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიზნით კიდევ ერთი პროექტი ამოქმედდა

ეროვნული ღირებულებების გავრცელებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიზნით კიდევ ერთი პროექტი ამოქმედდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის – „ქართული მწერლობა მსოფლიოს მასშტაბით“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენლები პარიზში „სორბონას“ უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ლიტერატურის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და კომპარატივისტული კვლევის შედეგების გაცნობა. მათივე ინფორმაციით, ლექციებს, სხვა სტუმრებთან ერთად, დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში – გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ამგვარი სამეცნიერო აქტივობების მნიშვნელობა.
„სორბონის უნივერსიტეტში ქართველ პროფესორთა: ირმა რატიანის, მაკა ელბაქიძის და მათი ახალგაზრდა კოლეგების მიერ ჩატარებულმა ლექციებმა აჩვენა სტუდენტთა დიდი დაინტერესება ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობებით. ვფიქრობ, ეს პროექტი აღრმავებს ქართული კულტურისადმი ინტერესს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის მიერ პროექტის ვიზუალიზაცია კიდევ უფრო ზრდის ქართული კულტურით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვს”, – აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სესილი გოგიბერიძემ.
უნივერსიტეტის ცნობით, მოეწყო შეხვედრა საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, რომელშიც მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია კანცლერის ვახტანგ წივწივაძის ხელმძღვანელობით. შედგა ვიზიტი ლევილში, სადაც დელეგაციის წევრებმა და პროექტის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ქართული ემიგრაციის წევრთა ხსოვნას.
„პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა რატიანი აღნიშნავს, რომ ძირითადი იდეა უკავშირდება ქართული მწერლობის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით; ლექციების, სემინარებისა და პროფესიული შეხვედრების გამართვას მსოფლიოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევით ცენტრებში; მომავალი ქართველოლოგების აღზრდას. ქართველი მეცნიერების საჯარო ლექციები სატელევიზიო გადაცემების სახით იწერება და მალე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სკოლაში ქართული ლიტერატურის შესახებ წაკითხულ ლექციებს მიადევნოს თვალი”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ