კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ 9 თებერვალს გაიხსნება

9 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ იხსნება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე გახსნიან.
ინფორმაციის თანახმად, ასევე, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
„კონფერენციის პლენარულ სესიაზე მოხსნებით წარდგებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ისე ესპანეთიდან, დან, თურქეთსა და იტალიიდან. მათი შრომები ეხება მეწარმეობის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საქართველოში ფინანსური განათლების მიმართულებით მოქმედ აქტუალურ პროექტებსა და ტექნოლოგიურ წარმოებას.
კონფერენციის მეორე დღე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც 5 დარგობრივი სექცია და მეწარმეების გამოფენა იქნება წარმოდგენილი, მესამე დღეს კი სამეცნიერო აქტივობებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
CIU-ს მიერ ორგანიზებული მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში, ასევე, აკადემიურ, საჯარო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა მეცნიერთა შორის.
კონფერენციაში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო ბიზნესსტრუქტურები.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი არის ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია.
თანამონაწილე ორგანიზაციების სახით ჩართულები არიან: ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია); პროექტის პარტნიორები არიან: სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი – UN Global Compact Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი – „ფინედუ“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციის გახსნა: 10:30 საათი; მისამართი: რუსთაველის გამზირი #29 – The Biltmore Tbilisi Hotel (ცენტრალური შესასვლელი) დარბაზი – კონგრეს ჰოლი (The Guild )“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ