კავკასიის რეგიონში, კერძო სკოლებში პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე საქართველოში ირიცხება – Galt & Taggart

2023/24 აკადემიურ წელს საქართველოს კერძო სკოლებში 66.5 ათასი მოსწავლე ირიცხება, რაც მოსწავლეთა სრული რაოდენობის 10.5%-ია – ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელშიც საქართველოს საგანმანათლებლო სექტორია განხილული.
კვლევის თანახმად, კავკასიის რეგიონში, კერძო სკოლებში პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე სწორედ საქართველოში ირიცხება.
შესაბამისად, თურქეთის კერძო სკოლებში მოსწავლეთა სრული რაოდენობის 7.4% სწავლობს, აზერბაიჯანში – 5.2%, სომხეთში – 2.9% ,ხოლო რუსეთში – 0.9%. ამასთანავე, საქართველოს მაჩვენებელი ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, სადაც კერძო სკოლებში მოსწავლეთა 16% ირიცხება .
ამასთანავე, Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოს კერძო სკოლები ძირითადად დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს, რაც განპირობებულია შედარებით მაღალი შემოსავლებით, მოსახლეობის სოციალური სტატუსით და საზოგადოების გავლენით.
2023/24 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლების 18.9% თბილისშია განთავსებული, 17.1% ბათუმში, 12.5% – ქუთაისში, 5.3% – რუსთავში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში – 3.8%.
ამასთან, თბილისში გახსნილი 111 კერძო სკოლიდან თითქმის ნახევარი, 49 სკოლა, ვაკე-საბურთალოს რაიონშია გახსნილი, 23 სკოლა – გლდანი-ნაძალადევის რაიონში, 17 – დიდუბე-ჩუღურეთში, 13 – ისანი-სამგორში, ხოლო 9 – მთაწმინდის რაიონში.
Galt & Taggart-ის პროგნოზის თანახმად, 2028/29 აკადემიური წლისთვის, კერძო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეების მაჩვენებელი 11.8%-მდე გაიზრდება და 73.1 ათას მოსწავლეს მიაღწევს.