კავაზაშვილის სკანდალური განცხადება – ყოფილი მეკარის თქმით, ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, საქართველოს, რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით, ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს

კავაზაშვილის სკანდალური განცხადება – ყოფილი მეკარის თქმით, ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, საქართველოს, ს, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით, ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს
მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა RB Sport-თან სკანდალური განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ 2025 წელს საქართველოში რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით ამხანაგური ტურნირის ჩატარების სურვილი არსებობს.
“დიდი იმედი მაქვს, რომ 2025 წელს რუსი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთში ითამაშებენ! ამხანაგური მატჩის ჩატარების იდეას ბევრმა გულშემატკივარმა და ჟურნალისტმა დაუჭირა მხარი.
მაქვს ინფორმაცია, რომ 2025 წელს საქართველოში შესაძლოა ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ არიან მდიდარი და ქველმოქმედი ხალხი, რომელთაც ეს
სურთ. არ ვიცი, ეს რამდენად სიმართლეა, მაგრამ ასეთი სურვილი არსებობს და ეს გრანდიოზული ღონისძიება იქნება”, – თქვა კავაზაშვილმა.
შეხსენებისთვის, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის თბილისში გამართვაზე კავაზაშვილმა ადრეც ისაუბრა.
“ვფიქრობ, ეს თამაში სწორედ თბილისში უნდა ჩატარდეს. იქ მარტში უკვე სითბო იქნება, შესანიშნავი ამინდი. სტადიონზე ბევრი ხალხი მივა. მთავარია, ქართველები მოცემულ მომენტში მატჩის ორგანიზაციას როგორ მოაწყობენ – ხალხისთვის თუ პოლიტიკური მიზნით, რათა ყველამ დაინახოს, ადამიანებს როგორ უნდათ ერთმორწმუნე ქვეყანასთან მეგობრულად და თანხმობაში ყოფნა. საქართველომ ხომ რუსეთზე სამი საუკუნით ადრე მიიღო მართლმადიდებლობა (ექვსი საუკუნით ადრე – რედ.). თუ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორმა მართლმადიდებელმა ქვეყანამ ერთად უნდა იაროს, მაშინ ყოველთვის გვერდიგვერდ უნდა ვიყოთ“, – განუცხადა ამა წლის დასაწყისში კავაზაშვილმა ВсеПроСпорт-ს.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების იდეა რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ანდრეი არშავნიცმაც წამოაყენა, თუმცა მან ამ შემთხვევაში ლეგენდების მატჩზე ისაუბრა.
“ბელარუსის შემდეგ საქართველოსთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან ლეგენდების მატჩები უნდა გავმართოთ. ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ გაუთავებელი სამიტები და კონფერენციები გამართოთ, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად აერთიანებს ხალხს.
მაგალითად, თბილისში რეტრო-მატჩმა შესაძლოა, სტადიონი გაავსოს. საქართველოში ფეხბურთელების დონე ყოველთვის კარგი იყო. თუ მოედანზე არველაძეს, ასათიანს, დემეტრაძეს, აშვეთიას, კობიაშვილსა და ქინქლაძეს ვიხილავთ, ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება”, – თქვა მაშინ არშავინმა.