“ალალის” წვენების მწარმოებელი კომპანია, “აჩინებულის” დამფუძნებლის გოჩა ღვინეფაძის განცხადებით, კადრების დეფიციტის პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, საუბარი არ არის კვალიფიციურ კადრზე, ზოგადად კადრი აღარ არის ქვეყანაში.
“წინა წელთან შედარებით კადრები კიდევ უფრო შემცირდა. ჩემს ბიზნესში მთელი ოჯახი ჩართული ვართ და სამუშაოს რაღაცნაირად ვუმკლავდებით. ქვეყნიდან კადრების გადინების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა”, – აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.
მისივე თქმით, კომპანია არსებულ კადრებს ხელფასების ზრდით ინარჩუნებს და გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ერთი კადრი სხვადასხვა პოზიციაზე არის დასაქმებული.
ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. “აჩინებულის” საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
