კადიროვის დედამ მიიღო ორდენი “ისლამის მსახურებისთვის”
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის დედა, აიმანი კადიროვა დაჯილდოვდა I ხარისხის ორდენით „ისლამის რელიგიისთვის მსახურებისთვის“.
აიმანი კადიროვა და ახმატ კადიროვის სახელობის საზოგადოებრივ ფონდი, რომელსაც იგი ფორმალურად ხელმძღვანელობს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, 2023 წლიდან იმყოფებიან ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ.
კადიროვის ფონდმა „ფასდაუდებელი და აუწონავი წვლილი შეიტანა ქველმოქმედებაში, ისლამის განმტკიცებასა და რელიგიური ფასეულობების დაცვაში“, – განაცხადა ჯილდოს გადაცემისას ჩეჩნეთის მუფთმა სალახ მეჟიევმა.
ახმატ კადიროვის ფონდს ასევე უწოდებენ ჩეჩნეთის მეთაურის „ალტერნატიულ ხაზინას“, რომელშიც რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო მოხელეს უწევს შემოწირულებების გაღება. ფონდის აქტივებმა 2023 წელს 5,3 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ფონდი ასევე ივსება ქრთამებით, რომლებსაც იხდიან მოქალაქეები ომისგან და სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავის დახსნის მიზნით, – ამის შესახებ წერს ტელეგრამ-არხი „ВЧК-ОГПУ“.
2024 წლის აპრილის ბოლოს ჩეჩნეთის მეთაურის აპარატმა გამოაცხადა, რომ ომის დაწყებიდან რესპუბლიკამ დახარჯა 32,57 მილიარდი რუბლი საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. ითქვა, რომ თანხა ახმატ კადიროვის ფონდმა გაიღო. თუმცა, ორგანიზაციის მთლიანმა ბალანსმა 2022 წელს მხოლოდ 6,3 მილიარდი რუბლი შეადგინა. ამასთან, უკვე მესამე წელია, რაც ორგანიზაცია ნულოვან შენატანებსა და შემოწირულებებს აფიქსირებს.