“კავკაზ რეალიის” წყაროს ცნობით, ადამ კადიროვი ქორწინდება სახელმწიფო დუმის დეპუტატის და რამზან კადიროვის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის, ადამ დელიმხანოვის შვილიშვილზე.
ქორწილის შესახებ ინსტაგრამზე წინასწარ დაწერა ადამ კადიროვის უფროსმა დამ, აიშატ კადიროვამ. მისი თქმით, მომავალ მეუღლეს მედნი ჰქვია და ისიც იმავე სოფელ ახმატ-იურტიდან არის, სადაც კადიროვის ოჯახის გავლენიანი წევრები ცხოვრობენ.
“კავკაზ რეალიის” წყაროები ასევე იუწყებიან, რომ ქორწილის გამო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გზები გადაკეტილია და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული. ოპოზიციური მოძრაობა Niyso-ს ცნობით, ქორწილში კადიროვების კორტეჟის გასაცილებლად ჩეჩნეთის ყველა რაიონიდან საგზაო პოლიციის თანამშრომლები მიიყვანეს.
ადამ კადიროვის ქორწინების ფაქტი დაადასტურა მამამისმაც. რამზან კადიროვის თქმით, ქორწინების წინ ადამს პირადად მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა – ისევე, როგორც მის ორ უფროს ძმას.
რუსეთის კანონმდებლობით, ქორწინება დაშვებულია 18 წლიდან, თუმცა საოჯახო კოდექსი ითვალისწინებს, რომ „პატივსაცემი მიზეზების არსებობის შემთხვევაში“ ადგილობრივი თვითმმართველობა ქორწინებას 16 წლიდანაც ნებადართულად მიიჩნევს. ამასთან, “კავკაზ რეალიის” ცნობით, ადამ კადიროვი შარიათის წესით ქორწინდება, რაც ოფიციალურ რეგისტრაციას არ საჭიროებს.
ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის მეთაურის მესამე ვაჟია, რომელიც არასრულწლოვან ასაკში ქორწინდება. მისი უფროსი ძმები – ახმატი და ელი ქორწინებამდე ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. „კავკაზსკი უზელის“ ცნობით, პუტინმა 17 წლის ადამ კადიროვიც ქორწილამდე პირადად მიიღო.
ფორუმი