„იძულებული ვართ, გადავინაცვლოთ შუა აზიის ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვაზე“ – IBCCS TAX

ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია IBCCS TAX-ის თანადამფუძნებლის და რეგიონალური დირექტორის ირაკლი არჯევანიძის შეფასებით, ე.წ. „რუსული კანონის“ განხილვის და მიღების პროცესს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვის „კარგი არაფერი მოუტანია“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ამჟამად ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან.
„IBCCS საქართველო” საერთაშორისო კომპანია IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა. ის ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ეხმარება, აღმოაჩინონ საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალი და განავითარონ მათი საქმიანობა. საქართველოს გარდა, საერთაშორისო კომპანიას ოფისები აქვს კვიპროსში, ესტონეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
„იმას, რაც ხდებოდა ბოლო პერიოდში საქართველოში, რა თქმა უნდა, კარგი არაფერი გაუკეთებია ბიზნეს-გარემოსთვის. ყველაფერი არის მოლოდინის რეჟიმში… ელოდებიან, რომ რაღაცები გაირკვეს და დალაგდეს და შესაბამისად, ამის მიხედვით განსაზღვრონ სამომავლო გეგმებიც“, – თქვა ირაკლი არჯევანიძემ.
მისივე განცხადებით, მოლოდინის რეჟიმში განსაკუთრებით პოტენციური ევროპელი ინვესტორები არიან, ამიტომ IBCCS Tax-მა გადაწყვიტა, საქართველოში ინვესტიციები შუა აზიის ქვეყნებიდან მოიზიდოს.
ამასთან, როგორც ირაკლი არჯევანიძე ამბობს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, „IBCCS Tax საქართველო“, როგორც ჩვენი ქვეყნის ბიზნეს-ამბასადორი, ცდილობს, საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და შესაძლებლობები, მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს.
– 6 წელია საქართველოს ბაზარზე ვართ და თუ ჩვენი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, აქტიურად ვმუშაობდით ევროპელ ინვესტორებთან, ახლა იძულებული ვართ გადავინაცვლოთ შუა აზიის ქვეყნებზე, რადგან ეს არის ის დიდი აუთვისებელი ტერიტორია, რომლისთვისაც საქართველო კარიბჭეა ევროპის ბაზარზე შესასვლელად…
ვრცლად bm.ge – ზე