სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, იძებნებიან პირები, რომლებიც თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ ინფორმაცია მიიღეს აფრიკის დასახლებიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ.
სააგენტოს ცნობით, აღებული პათოლოგიური მასალის გამოკვლევის შედეგად ცოფი დადასტურდა.
მათივე თქმით, უკვე იციან იმ ექვსი პირის ვინაობა, ვინც დაავადებულ ცხოველთან შეხებაში იყო და მათ უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას, თუმცა ადგილობრივების განცხადებით, ძაღლთან კონტაქტში იყო კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. სააგენტო მიუთითებს, რომ ამ საკითხზე ინფორმირებულია სამართალდამცავი ორგანოები.
“სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება. ისინი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ზედამხედველობის მიზნით, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანა.
ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს”, – წერს სააგენტო.
სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ფორუმი