“იძებნება “ქართული ოცნების” პროექტები” – აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

მოძრაობამ “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გამართა გზავნილით “იძებნება „ქართული ოცნების“ პროექტები“. აქცია-პერფორმანსის მონაწილეები ფანრებით ეძებდნენ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლის განხორციელებაზე დაპირებები “ოცნების” ხელისუფლებამ წლების წინ გასცა. ასეთი დაპირებად დარჩენილი პროექტებია მაგალითად, რეაბილიტირებული რიონისპირა სახლები, ელექტრომობილების ქარხანა, ოცნების ქალაქი, ტექნოლოგიური ჰაბები.
აქცია-პერფორმანსის მონაწილეთა თქმით, “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობისას ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და მასტან ერთად განვითარების პერსპექტივა, ქალაქი დატოვა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა და მოსახლეობით ქალაქი მეორე ადგილიდან მეოთხეზე გადავიდა.
“ის, რომ ქუთაისი დაცლილია, არ არის მხოლოდ ქუთაისის პრობლემა, ეს, ალბათ, პირველ რიგში, თბილისის პრობლემაც არის. მაშინ, როდესაც სახელმწიფო კომპანიების უმეტესობა და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თბილისში ფუნქციონირებს, თავისთავად, ეკონომიკაც მთლიანად კონცენტრირებულია თბილისში და მთელი საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთ ქალაქში ცხოვრობს”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ეკა ფხაკაძე.