“იცოდეთ, არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება” – რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიასთან დაშორების შემდეგ – Marao
“შეინარჩუნეთ მტკიცე ხმა, შეინარჩუნეთ მზერა, რომელიც ყოველთვის მაღლა იყურება, შეინარჩუნეთ გამბედაობა, რომელიც საკუთარი თავის ფასის შეცნობიდან მოდის. გჯეროდეთ, რომ არაფერია დაფარული, რაც არ გამოაშკარავდება”, – წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი და ფოტოს აქვეყნებს.
რამდენიმე თვის წინ უცხოური მედია წერდა, რომ ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ამის შესახებ წყვილს ოფიციალური განცხადება დღემდე არ გაუკეთებიათ. დასავლური სპორტული მედიის (Sportscasting) ინფორმაციით, ილია თოფურიას მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგი ბადელმა, რომელიც წლების განმავლობაში სპორტსმენს გვერდით ედგა, ოქტომბრის დასაწყისში განქორწინებაზე ოფიციალური სარჩელი შეიტანა. თუმცა, როგორც Sportscasting წერს, განშორებას თან ახლავს სერიოზული ფინანსური გამოწვევა: ჯორჯინა ბადელი, სავარაუდოდ, თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვს, მაშინ როდესაც ჩემპიონის ამჟამინდელი ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივი დავა სერიოზული მასშტაბისაა.
ილია თოფურია – ქართველი პროფესიონალი მებრძოლი, რომელიც საერთაშორისო არენაზე წარმატებით ასპარეზობს UFC-ში (Ultimate Fighting Championship). ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, ვინც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ამით ქართული სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
ილია 1997 წლის 21 იანვარს დაიბადა დიუსელდორფში, გერმანიაში, თუმცა ბავშვობაში ოჯახთან ერთად ჯერ საქართველოში დაბრუნდა, მოგვიანებით კი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. საბრძოლო ხელოვნებით მოზარდობიდან დაინტერესდა და მალევე გამოიკვეთა როგორც ძლიერი და ტექნიკური მებრძოლი. იგი ბრწყინვალედ ფლობს როგორც ბოქსის, ისე გრეპლინგის და ჯიუ-ჯიცუს ელემენტებს.
UFC-ში დებიუტი თოფურიამ 2020 წელს შედგა და მას შემდეგ მას არ წაუგია არცერთი ბრძოლა. 2024 წლის თებერვალში, მან დაუმარცხებელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ფაქტობრივად, პირველი ქართველი, რომელმაც ამ დონის ტიტული მოიპოვა.
თოფურია გამოირჩევა დიდი თავდაჯერებულობით, მკაცრი დისციპლინითა და შეუდრეკელი ბრძოლის ჟინით. ის ხშირად საუბრობს საქართველოს სიყვარულზე და ქართველი ერის პატრიოტულ სულზე. ილიას ყოველი ბრძოლა იქცა არა მხოლოდ სპორტულ ღონისძიებად, არამედ ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდაც.
2024 წლის 26 ოქტომბერს, ქამრის დაცვაზე, ილია მაქს ჰოლოვეის დაუპირისპირდა, რომელიც მესამე რაუნდში დაანოკაუტა. ამის შემდეგ ილიამ წონის ცვლილება გადაწყვიტა და ზედა წონაში ავიდა. 29 ივნისს კი ჩარლზ ოლივერა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ორი წონის ჩემპიონი გახდა.
როგორც ცნობილია, ილია თოფურია ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას წარსულში სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის, ჰუგოს დედასთან. ამ ურთიერთობის შესახებ ილიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ჰუგოს შესახებ ხშირად წერს.
ილია თოფურიას მეორე საჯარო ურთიერთობა ჯორჯინა უზკატეგუისთან ჰქონდა. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, “Future and Energy” ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე.
ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებდა სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ – ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია “Future and Energy” დააარსა.
ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის ერთი წლის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. წყვილი პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს ერთად ზრდიდა. ოჯახის, ოჯახური ცხოვრებისა და დედობის შესახებ კი ჯორჯინა საკუთარ გვერდზე ხშირად წერდა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოები წაშალეს. ამასთან, მათ ერთმანეთის გამოწერაც გააუქმეს. ესპანური მედია, მაგალითად, elperiodico.com, diariosur.es აქვეყნებენ სტატიებს, სადაც მათი დაშორების შესახებ წერენ. წყვილს ურთიერთობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.




