“იცით, რატომ უყვართ დღემდე? ოდრი არ ჰგავს ბრილიანტებში ჩასმულ ვარსკვლავებს, ის თავმდაბალი ქალი იყო…’ – ოდრი ჰეპბერნის ვაჟის, შონ ფერერის მოგონებები დედაზე – Marao
1929 წლის 4 მაისს, 90 წლის წინ, ბრიუსელში ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოზეფ ენტონი რასტონისა და ფრანგ-ინგლისელი არისტოკრატის, ბარონესა ელა ვან ჰეემსტას ოჯახში დაიბადა ოდრი ჰეპბერნი, დღეს უკვე კინემატოგრაფის ლეგენდა და გამორჩეული სტილის მქონე ქალი. მისი დაბადებიდან 90 წლის აღსანიშნავად შვილმა, შონ ფერერმა, გამოფენა გამართა, სახელწოდებით “ინტიმური ოდრი”, რომელიც არა მსახიობ ოდრიზე, არამედ, როგორც ამბობს, “შინ დაბრუნებული” კინოლეგენდის შესახებ მოგვითხრობს.
შონ ფერერი ოდრისა და არანაკლებ ეპოქალური მამაკაცის, მელ ფერერის ვაჟია. შონიც კინოინდუსტიაში საქმიანობს, ავტორია რამდენიმე ფილმის, მათ შორის დოკუმენტური ფილმისა ოდრი ჰეპბერნის შესახებ. “ინტიმური ოდრი” პირველად 2019 წელს მის მშობლიურ ბრიუსელში გაიხსნა, მას შემდეგ რამდენიმე ქალაქი მოიარა და ღონისძიებებიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა. შეუდარებელი მსახიობისა და ქალის დაბადების დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე იმ ფოტოების ხილვაა შესაძლებელი, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია. ამ ფოტომასალას შონ ფერერი ექსკლუზიურად “კვირის პალიტრის” მკითხველსაც უზიარებს და ოდრი ჰეპბერნის, როგორც “შინ დაბრუნებული ლეგენდის” შესახებ გვიამბობს.
– ბავშვობის მოგონებებით დავიწყოთ…
– როგორც ნებისმიერ ბავშვს, ბევრი წარმატება და მარცხი მქონია, არავის ბავშვობაა იდეალური, აი, ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ბავშვებმა ბავშვობა შეიგრძნონ. ეს ადამიანის ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებული არაფერი გჭირდება, მაგრამ საჭიროა ფუნდამენტური ფასეულობების დაცვა. ისრაელ-პალესტინას შორის ვითარებას თუ გავიხსენებთ, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ… ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც დედამ მომცა, იყო მასთან გატარებული დრო, შემეძლო ვყოფილიყავი გადასაღებ მოედანზე ან კადრს მიღმა. მან თითქმის უარი თქვა კარიერაზე, რათა მთლიანად შეეგრძნო დედობის ბედნიერება. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ბავშვობაში მიმიღია, არის შინ მყოფი დედა, რომელიც მთლიანად მე მეკუთვნოდა.
– ჩვენ ვიცნობთ ოდრის როგორც მსახიობს, მოდელს, მოცეკვავეს, ქველმოქმედს, მაგრამ არ ვიცით, როგორი იყო სახლში?
– დედასთან გატარებული ყოველი დღე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თუ ერთ დღეს ბევერლი-ჰილზზე ჯეიმზ სტიუარტსა და მის ოჯახთან ერთად ვსადილობდით, მეორე დღეს შეიძლებოდა ბილი უაილერთან წავსულიყავით. მათი მონათხრობი უამრავი საინტერესო ამბავი მესმოდა. შვეიცარიაში ცხოვრების პერიოდში მახსენდება დღეები, როდესაც დედა სამზარეულოში შემწვარ კვერცხს ამზადებდა. ამ დროს უამრავ საკითხზე ვსაუბრობდით ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოდრიმ მომცა, იყო მუდმივი კომუნიკაცია, საუბარი, მაგრამ არა ზედაპირული. ის თავის ცხოვრებისეულ მაგალითებზე მაჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. დედას არასდროს ჰქონია ორმაგი სტანდარტი. როგორც ზრდასრულს, ისე მეპყრობოდა, მესაუბრებოდა ყველაფერზე, მიხსნიდა. ეს შემდეგ ჩემს შვილებთან ურთიერთობაში გამოვიყენე. მცირეწლოვან ბავშვს ისე უნდა მიუდგე, როგორც თანატოლს. ამით ბავშვს აძლიერებ, რწმენას აძლევ. განათლება არ ნიშნავს დაცულობას, ეს ნიშნავს შესაძლებლობას წამოდგე, როდესაც დაეცემი. დაცემის, იმედგაცრუების, მარცხის გარეშე ვერაფერს ისწავლი. ოდრი ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე, შენს ადგილას მე ამას გავაკეთებდი, მაგრამ შენ თავად გადაწყვიტეო. ბავშვობიდანვე არჩევანის სრულ თავისუფლებას მაძლევდა.
– ოდრი ჰეპბერნის დაბადებიდან 90 წელი გავიდა და ამ თარიღის აღსანიშნავად თქვენ გამართეთ გამოფენა “Intimate Audrey”, რომელიც ბრიუსელში გაიხსნა, ქალაქში, სადაც დაიბადა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა გამოფენამ. ვისურვებდი, საქართველოშიც გვქონოდა შესაძლებლობა ამ გამოფენის ხილვის, მანამდე კი იქნებ თქვენ გვიამბოთ.
– გასული 30 წლის განმავლობაში 3 გამოფენა გავაკეთე. პირველს ერქვა AWoman of Style და მთელი მსოფლიო მოიარა. ძირითადად, მის სტილზე, ელეგანტურობაზე იყო აქცენტი. გამოფენა წარმატების მომტანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც გვაქვს. შემდეგ გადავწყვიტე ჩემი იდეის მიხედვით გამეკეთებინა გამოფენა, რომელმაც ასევე მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, იაპონიასა და ავსტრალიაშიც კი ჩავიტანეთ. ბოლო გამოფენის იდეა ბერლინში დამებადა. თითქოს ყველამ ყველაფერი იცის ოდრის შესახებ, ამიტომ გადავწყვიტე ისეთი გამოფენა გამეკეთებინა, რომელიც ოდრის განსხვავებული კუთხით დაგვანახებდა, უფრო ღრმად ჩაგვახედებდა მის პირად ცხოვრებაში. ამ გამოფენაზე მე მის წინაპრებს ვაცნობ დამთვალიერებელს. გამოფენაზე ბევრი ისეთი ვიდეო და ფოტომასალაა, რაც აქამდე არ გამოქვეყნებულა, დათვალიერების შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ახლოს გაიცნეს თავიანთი საყვარელი მსახიობი, ან ფიქრობენ, რომ ლეგენდა, სახელად ოდრი, ნამდვილად ის ადამიანია, ვინც უყვართ. ოდრის თაყვანისმცემლებს მის პირად სივრცეში შეჭყეტის საშუალება მივეცი. დედას 1960-70-იანი წლების ჩაცმის სტილს რომ გადახედოთ, დღევანდელი დღის ყველაზე მოდურად ჩაცმულ გოგოდ მიიჩნევთ.