უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი და იუსტიციის მინისტრი, იუდიტ ვარგა თანამდებობებიდან გადადგნენ.
„ბი-ბი-სის“ შეფასებით, მათი გადადგომა და მომხდარით გამოწვეული პროტესტები გახდა „ყველაზე დიდი საფრთხე ვიქტორ ორბანის მმართველობისთვის“ მას შემდეგ, რაც 2010 წელს მან მეორედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. Associated Press აღნიშნავს, რომ ორბანი „იშვიათი პოლიტიკური კრიზისის“ წინაშე დგას.
რა მოხდა?
პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა გადადგომა სკანდალური შეწყალების გამო გადაწყვიტეს. წინა წელს, რომის პაპის, ფრანცისკეს უნგრეთში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ნოვაკმა 25 ადამიანი შეიწყალა, თუმცა ერთ-ერთი მათგანის, ენდე კ.-ს შეწყალება საჯაროდ ცნობილი მხოლოდ 2 თებერვალს გახდა.
ენდე კ. ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე იყო. ბრალდების მხარის განცხადებით, მან დაარწმუნა ბავშვები, უკან წაეღოთ თავიანთი ჩვენებები ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ მათ მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო.
მოქალაქეთა უკმაყოფილების შემდეგ პრეზიდენტმა ნოვაკმა, — რომელიც პრეზიდენტობამდე ოჯახის საქმეთა მინისტრი იყო და საჯარო იმიჯი სწორედ ტრადიციულ, ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკოსობაზე ჰქონდა აგებული, – განაცხადა, რომ „შეცდომა დაუშვა“ და პოსტიც დატოვა.
იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგამ, რომელიც ამ წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე ორბანის პარტიის, „ფიდესის“ პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო, აგრეთვე დატოვა თანამდებობა, ვინაიდან ენდე კ.-ს შეწყალებას მანაც აუნთო მწვანე შუქი.
„ეს საკითხი გახდა საკმაოდ პრობლემური მთავრობისთვის, რომელმაც ბავშთა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია“, – აღნიშნავს „ბი-ბი-სი“.
„ორბანის პოლიტიკური თავისტკივილი“
ენდე კ.-ს შეწყალებით საზოგადოებრივ უკმაყოფილება ნოვაკისა და ვარგას გადადგომას არ დაუსრულებია. უფრო მეტიც, ამას დაემატა უკვე ყოფილი იუსტიციის მინისტრის ყოფილი მეუღლის, პეტერ მაგიარის განცხადებები. მიმდინარე მოვლენებს „გარდიანი“ ორბანისთვის „პოლიტიკურ თავისტკივილად“ აფასებს.
მედია მას „ფიდესში“ საკმაო კავშირების მქონე პირად ასახელებს. მაგიარმა დაწერა, რომ ტოვებდა სახელმწიფო კომპანიებში დატოვებულ თანამდებობებს: „ერთი წუთითაც აღარ მინდა ვიყო იმ სისტემის ნაწილი, სადაც რეალური დამნაშაავები ქალთა ქვედა ბოლოს უკან იმალებიან“. მეორე დღეს მან ოპოზიციურ იუთუბ-არხს ინტერვიუც მისცა და ორბანისა და მისი გარემოცვის კრიტიკა დაიწყო.
ოპოზიციური პარტიები ითხოვენ გამოძიებას, თუ როგორ მოხდა შეწყალება და აგრეთვე, თუ როგორ იმართება სახელმწიფო. მათივე მოთხოვნაა, ამიერიდან პრეზიდენტი არა პარლამენტმა, არამედ ხალხმა აირჩიოს. ასევე, პარასკევს, 16 თებერვალს, ბუდაპეშტში ორბანის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. თავად პრემიერი ამ ეტაპზე დუმს.