იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს – ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია

beinsports ბერძნულ გამოცემა Proto Thema-ზე დაყრდნობით წერს, რომ 38 წლის ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი საცხოვრებლად ათენში გადავიდა და ამის მიზეზი თავისი ქვეყნის მთავრობასთან დაპირისპირებაა.
სერბეთში გასული წლის ბოლოდან მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რაც ნოვი სადში რკინიგზის სადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა.
ჯოკოვიჩმა საჯაროდ დაუჭირა მხარი სტუდენტებს, ისაუბრა მომხდარ ტრაგედიაზე და იანვარში გამარჯვება საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ ახალგაზრდა ქალს მიუძღვნა. 15 მარტს, როდესაც ბელგრადის ქუჩებში 300 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, ჩოგბურთის ლეგენდამ აქციის ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა და მას ისტორიული და ბრწყინვალე დღე უწოდა.
ის ბელგრადში ერთ-ერთ საკალათბურთო მატჩსაც დაესწრო, სადაც მაისურზე წარწერა “სტუდენტები ჩემპიონები არიან” ჰქონდა დატანილი. მან პროტესტის მონაწილეებს მხარი სოციალური ქსელის მეშვეობითაც დაუჭირა და შემდეგი სახის გზავნილი გააჟღერა:
“როგორც ადამიანი, რომელსაც ღრმად სწამს ახალგაზრდობის ძალისა და უკეთესი მომავლისკენ მათი სურვილის, მჯერა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა მოისმინონ. სერბეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მისი განათლებული ახალგაზრდობა მისი უდიდესი ძალაა. რაც ყველას გვჭირდება, არის გაგება და პატივისცემა. მუდამ თქვენი ნოვაკი”, – დაწერა ჯოკოვიჩმა.
ამ ყოველივეს შემდეგ ჯოკოვიჩს საცხოვრებლად ათენში გადაბარგება მოუწია, რაც beinsports-ის ცნობით, პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან დაახლოებულ პირებთან მწვავე დაპირისპირებას უკავშირდება.
მათ ნოვაკს მოღალატე უწოდეს. ახლა ადგილობრივი ზოგიერთი მედია, რომელიც მას წარსულში ეროვნულ გმირად მოიხსენიებდა, ჯოკოვიჩს ძალადობის წამხალისებელს არქმევს და იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც მის დოპინგის მოხმარებაშიც შეიტანეს ეჭვი.
ნოვაკმა მისი ორი შვილი 11 წლის სტეფანი და 8 წლის ტარა ათენის წმინდა ლავრენტის კოლეჯში შეიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ათენში ზღვისპირა სახლი იყიდა და შესაძლოა, “ოქროს ვიზაზე”, რომლითაც ბინადრობის მოპოვება შეეძლება, შესაძლოა, განაცხადი შეიტანოს.
შეხსენებისთვის, ჯოკოვიჩს 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული, რითაც ყველა დროის რეკორდსმენია.
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა