იყალთოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 3 073 219 ლარი გამოიყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. პრემიერმა ეკლესია და იყალთოს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა; ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა და აკადემიის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
რესტავრაციისას ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიის სახურავიდან მოიხსნება კრამიტის საფარი, გასუფთავდება კედლები, დაზიანებული ადგილები შეივსება, გამაგრდება საძირკველი, ტაძრის პერიმეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხი; დაიწყება აკადემიის კედლების კონსერვაცია, გაკეთდება საყრდენი კედელი.
ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 3 073 219 ლარი.