„იქნება საპასუხო ზომები ნატოს შესაჩერებლად“ — პესკოვი ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, , აცხადებს, რომ ნატოს სამიტზე ალიანსის კონფრონტაციული არსი კიდევ ერთხელ დადასტურდა და საპასუხო ზომებს მიიღებს.
ინფორმაციას პესკოვის ამ განცხადების შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კიდევ ერთხელ სავსებით ცხადად დაადასტურა თავისი არსი, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც კონფრონტაციის ეპოქაში შეიქმნა და მისი მიზანიც კონფრონტაციის მხარდაჭერაა“, — თქვა პესკოვმა ბრიფინგზე.
სამიტის დეკლარაცია პესკოვმა რუსეთის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ მოიხსენია.
„ფორმულირებებს თუ ოდნავ გავამარტივებთ, ნატოს გადაწყვეტილება, რომ დროთა განმავლობაში აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, ნიშნავს იმას, რომ ალიანსი თავის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მიჰყვება — რუსეთის დასუსტებას, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას“, — თქვა პესკოვმა.
გარდა ამისა, „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, პერსკოვმა ისაუბრა იმაზეც, რომ ნატოს ეს პოზიცია რუსეთის მხრიდან ღრმა ანალიზს მოითხოვს საპასუხო ეფექტური ზომების მისაღებად, რომელთა მიზანი ნატოს შეჩერება იქნება.
„ეს ვალდებულს გვხდის, რომ ღრმად გავაანალიზოთ მიღებული გადაწყვეტილებები, დისკუსიები, რომელიც უკვე შედგა, დიდი ყურადღებით უნდა გავაანალიზოთ დეკლარაციის ტექსტი. ძალიან სერიოზული საფრთხეა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი მოითხოვს ჩვენგან დაფიქრებულ, კოორდინირებულ, ეფექტურ საპასუხო ზომებს ნატოს შესაჩერებლად, მათი ქმედებების საპასუხო ზომებს“, — აცხადებს პესკოვი.
ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციით, ნატომ ხაზი გაუსვა უკრაინის გაწევრიანების შეუქცევადობას, ჩინეთის მხრიდან არსებულ გამოწვევას და მხარი დაუჭირა ბლოკის თავდაცვის ინდუსტრიის გაფართოებას.
ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს, 38 თავისგან შედგება და თან ახლავს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირება.
გარდა ამისა, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან, პირდაპირ და გრძელვადიან საფრთხედ მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის. ამასთან, საფრთხეები არის გლობალური და ურთიერთდაკავშირებული.
ნატო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, არ გაუწიონ რამე სახის დახმარება რუსეთის აგრესიას. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ ომის გაგრძელებას, ალიანსი ასახელებს ჩინეთს, ირანს, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეას.