ავტორი: მარკ ჯოუნზი, ისტორიკოსი, დუბლინის უნივერსიტეტის პროფესორი
ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერად 1933 წლის 30 იანვარს დაინიშნა. მისი მხარდამჭერებისთვის ეს ეროვნული „რევოლუციის“, „ხელახლა დაბადების“ დღე გახდა. მათი რწმენით, 14-წლიანი „ვაიმარული“ ლიბერალ-დემოკრატიის შემდეგ, გერმანიის ფეხზე დაყენებას ავტორიტარული, ძლიერი მმართველი სჭირდებოდა. იმ დღეს ჰიტლერის ყავისფერპერანგიანმა რაზმებმა [ნაცისტური პარტიის შეიარაღებული ფრთა, იგივე მოიერიშე რაზმები – SA], ჩირაღდნებით ჩაიარეს ბერლინის ცენტრში, რაც ახალი ეპოქის საწყისი გახდა.
ეს ხალხის მოტყუების საქმის ტრიუმფიც იყო. ვაიმარის [ქალაქი, სადაც მეზღვაურებმა, პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, გერმანული მონარქიის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყეს] რესპუბლიკის პირველივე დღეებიდან, პოლიტიკური ცხოვრება დეზინფორმაციული კამპანიებით ხასიათდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ტყუილის თანახმად, ვაიმარის რესპუბლიკა და დემოკრატია სოციალისტთა და ებრაელთა დაჯგუფების ნახელავი იყო – ანუ, იმ დაჯგუფების, რომელმაც გერმანიას „ზურგში დანა ჩაარტყა“ და პირველი მსოფლიო წააგებინა.
დღეს ცოტა თუ დავობს, რომ ჰიტლერის მოსვლა იყო მსოფლიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი და ამით დაიწყო პოლიტიკური პროცესი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომამდე და ჰოლოკოსტამდე მიგვიყვანა. ნაცისტები შემდგომ ამბობდნენ, რომ ჰიტლერმა ძალაუფლება ხელში აიღო. სინამდვილეში, მისი ბიოგრაფის, იან კერშოუს თანახმად, ძალაუფლებისკენ ის გავლენიანი ადამიანების პატარა ჯგუფმა მიიყვანა.
ერთ-ერთი მათგანი იყო ფრანც ფონ პაპენი. 1932 წელს იგი კანცლერის თანამდებობას იკავებდა და მიიჩნევდა, რომ ჰიტლერი და ნაცისტური პარტია, იმ დროისთვის ყველაზე დიდი რაიხსტაგში [ნაცისტებს პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი ჰქონდათ, მაგრამ არა საპარლამენტო უმრავლესობა], შეეძლო გამოეყენებინა კონსერვატიული პოლიტიკის გატარებისთვის. გერმანიის პრეზიდენტი, ფელდმარშალ პაულ ფონ ჰინდენბურგს კი სურდა, ჰიტლერი მონარქიის აღსადგენად გამოეყენებინა.
თუმცა, კონსერვატორთა გეგმები მალევე გააქარწყლა ჰიტლერის დაუნდობელმა მმართველობამ, ნაცისტთა ძალადობამ და გერმანული საზოგადოების სურვილმა, გამხდარიყო დაპირებული ეროვნული გამოღვიძების ნაწილი. ლიბერალები და სოციალ-დემოკრატები ან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, ან თავიანთი ოპტიმისტური ესკაპიზმის. ისინი თავს არწმუნებდნენ – ჰიტლერის მმართველობა დასრულდება, ნაცისტთა შიდა დაპირისპირებები მათ ბოლოს მოუღებს.
ლიბერალთა და სოციალისტთა გარდა, გერმანული საზოგადოების უფრო ფართო ფენებს სჯეროდათ, რომ პრეზიდენტი ჰინდენბურგი ჰიტლერს შეაკავებდა, ხოლო თუ ის არა, ამას ჯარი გააკეთებდა. ყველა გაასულელა ჰიტლერის უნარმა, ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო წლებში ჩვეულებრივი, პატივსაცემი პოლიტიკოსის იერი ჰქონოდა.
ჰიტლერის კანცლერობიდან ას დღეში ნაცისტების ძალაუფლების წყურვილი ცხადზე ცხადი გახდა. 1933 წლის ზაფხულის დასრულებისთვის, გერმანული საზოგადოება კონტროლის ქვეშ იყო. აღარ არსებობდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები, ან კულტურული ორგანიზაციები. მხოლოდ ქრისტიანულ ეკლესიებს შერჩათ რაღაც დონის დამოუკიდებლობა.
ერთი წლის შემდეგ, ჰიტლერმა შიდაპარტიული ოპონენტები მოიშორა [მისი ბრძანებით, 1934 წელს დააპატიმრეს ან დახვრიტეს იქამდე გავლენიანი „მოიერიშე რაზმების“ ხელმძღვანელები, რაც „გრძელი დანების ღამის“ სახელით შევიდა ისტორიაში], ხოლო ორ აგვისტოს, პრეზიდენტ ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ, თავი ფიურერად [ერის წინამძღოლად, ბელადად] გამოაცხადა [ფორმალურ რეფერენდუმზე, რომლითაც კანცლერისა და პრეზიდენტის თანამდებობა გაერთიანდა, ამას ამომრჩეველმაც დაუჭირა მხარი]. დიქტატურა „გაფორმდა“. იმ დროისთვის პირველი საკონცენტრაციო ბანაკებიც ამუშავდა, ეკონომიკა კი საომარ რელსებზე გადადიოდა.
ისტორიის ეს პერიოდი დღესაც მეტად აქტუალურია. ასობით მილიონი ადამიანი წელს უმნიშვნელოვანეს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მართალია, საგანგაშო ნიშნები უკვე სახეზეა, მაგრამ ცოტა ანალიტიკოსია მზად, ხმამაღლა თქვას – 2024 შეიძლება ახალი 1933 გახდეს.
წარმოიდგინეთ, სულ რაღაც ერთ წელიწადში, დეზინფორმაციამ ჩამოაგდო დემოკრატია სამყაროს სხვადასხვა წერტილში. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეწყვიტა უკრაინის დახმარება. ნატო აღარ უშლის ხელს ვლადიმერ პუტინს, აღმოსავლეთ ევროპაში ახალი რუსეთის იმპერია ააშენოს. ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე პარტიები ევროკავშირის გაერთიანებულ, საპასუხო ზომებს ბლოკავენ. პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია საკუთარი თავის იმედად არიან. კონფლიქტი ღაზის სექტორში რეგიონულ ომად იქცა და პუტინი ახალ ბლიცკრიგს [ელვისებურ ომს] იწყებს. ქაოსში, ჩინეთი ტაივანზე იჭრება.
2024-ის პერსპექტივები იმდენად ცუდია, ბევრი ადამიანი უარს ამბობს მათ აღიარებაზე. 1933 წელს ლიბერალებს ეგონათ, რომ ჰიტლერი მალე „დასრულდებოდა“. მათ მსგავსად, სურვილების შესაბამისად ფიქრი დღეს ჩვენს აზროვნებას ხელს უშლის. კრისტოფერ კლარკს რომ დავესესხო, ახალ საერთაშორისო წესრიგში მძინარე მდგომარეობაში მივაბიჯებთ.
ორ მსოფლიო ომს შორის დაწერილ ორტომეულში, ზარა შტაინერი აღნიშნავს, რომ 1929-33, „ჩამოკიდებულ წლებში“ საერთაშორისო ურთიერთობებში იდეალიზმმა „სიბნელის ტრიუმფს“ დაუთმო ადგილი. არადა, ჯერ კიდევ 1926-ში ისე ჩანდა, რომ ლიბერალები იმარჯვებენ: საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, არისტიდ ბრიანა და გუსტავ შტრეზემანმა ნობელის პრემია მიიღეს საფრანგეთი-გერმანიის მორიგებისთვის. გერმანია ერთა ლიგაში გაწევრიანდა. რადიკალური ნაციონალიზმი, თითქოს, მხოლოდ ბენიტო მუსოლინის იტალიით შემოიფარგლებოდა.
დღეს გლობალური კრიზისების წინაშე ვდგავართ და ოპტიმიზმის დრო არ არის. პოტენციურად, ახლაც „ჩამოკიდებული წლები“ გვიდგას. თუ ლიბერალები ახლავე იმოქმედებენ, ჯერაც შეუძლიათ გამარჯვება.
დამაიმედებელია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ასობით ათასი გერმანელი ქუჩაში გამოვიდა – დაუჭირა მხარი დემოკრატიასა და მრავალფეროვნებას და დაგმო ულტრამემარჯვენეები. თუმცა, ერთ ქვეყანაში გამართული დემონსტრაციები როდია საკმარისი. გერმანელ ლიბერალებს ევროპელი კოლეგებიც უნდა შეუერთდნენ. მთელს კონტინენტზე გამართულ აქციებს ძლიერი გზავნილი ექნება. საკითხის სიმწვავე ნათელი უნდა გახდეს „ზემო ეშელონებისთვის“, კონკრეტულად კი ბიზნეს-ლიდერებისთვის: მაგალითად, ბანკ „ჯეი-პი მორგანის“ გენერალური დირექტორისთვის, რომელიც ტრამპთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ევროპელი ლიდერები გაერთიანდნენ და გააკეთეს, რაც კი საჭირო იყო, ევროს გადასარჩენად. მათ გააცნობიერეს, რომ ერთიანი ვალუტის ჩავარდნა მთლიანად ევროკავშირს დაასრულებს. ევროპელებმა ახლა ამ წლის საფრთხეებზეც მსგავსი რეაგირება უნდა მოითხოვონ. ევროკავშირს სჭირდება გეგმა იმ სამყაროში, რომელშიც ნატო შეიძლება არ იყოს. სჭირდება ახალი ინსტრუმენტები ისეთებთან ურთიერთობაში, როგორებიც არიან უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერები ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიკო. ორივე მათგანს ურჩევნია, პუტინის ხელს ემთხვიოს, დემოკრატიის დაცვის ნაცვლად. უბრალოდ მიუღებელია, რომ ორბანს ახლაც აქვს ვეტოს უფლება ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე.
ამერიკაში, მნიშვნელოვანი ფაქტორი პოლიტიკური მობილიზაციაა. ტრამპის ოპონენტებმა გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოებები და პრეზიდენტ ბაიდენის ირგვლივ გაერთიანდნენ. კარგად ვიცით, სად შეიძლება მიგვიყვანოს მიამიტმა ოპტიმიზმმა და ერთიანობის არქონამ.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.
თარგმანი: ნიკა ბურდული