იუჯინ ჟუკოვი „ზანგეზურის დერეფანზე“ – ვფიქრობ, როდესაც შესაბამისი პირობები შეიქმნება, ვიმუშავებთ აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან ევროპასთან დაკავშირებადობაზე, პარალელურად გავაგრძელებთ შუა დერეფნის მხარდაჭერას

ვცდილობთ, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შუა დერეფანი მეტად განვავითაროთ, გავხადოთ მდგრადი და საინვესტიციოდ საინტერესო, – ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იუჯინ ჟუკოვმა “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვა ეხებოდა “ზანგეზურის დერეფნის” შესაძლო ამოქმედების საკითხს და მოსალოდნელ ეფექტს შუა დერეფანზე. ჟუკოვი აღნიშნავს, რომ ამ ორი დერეფნის კონკურენციასა და ეფექტზე საუბარია ნაადრევია, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა მნიშვნელობა აქვს დივერსიფიცირებულ და განვითარებულ სატრანზიტო დერეფნებს.
ამასთანავე, ჟუკოვი “ზანგეზურის დერეფნის” ნაწილში მხარეებთან თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამს.
“ვფიქრობ, რომ შუა დერეფანი ბევრად უფრო დაწინაურებულია ახლა, ვიდრე “ზანგეზურის დერეფანი”. გასათვალისწინებელია, რომ შუა დერეფანი არსებობდა მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაძაბულობამდეც. ჩვენ ვცდილობთ, რომ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შუა დერეფანი უფრო განვავითაროთ, გავხადოთ მდგრადი და საინვესტიციოდ საინტერესო, განსაკუთრებით კერძო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ევროპაში ვაჭრობა უმოკლესი მარშრუტით და შედარებით იაფი ღირებულებით. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია ამ ორ დერეფანს შორის კონკურენციაზე საუბარი. მე მიმაჩნია, რომ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ამ “თამაშის” სახელი არის შემდეგი: „დერეფნების დივერსიფიკაცია და მათი მაქსიმალურად განვითარების მცდელობა”. ვფიქრობ, როდესაც შესაბამისი პირობები შეიქმნება, ვიმუშავებთ აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან ევროპასთან დაკავშირებადობაზე, პარალელურად გავაგრძელებთ შუა დერეფნის მხარდაჭერასაც“, – აღნიშნავს იუჯინ ჟუკოვი.
ამავე დროს, მანვე ისაუბრა შუა დერეფნის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე. ამ ნაწილში ჟუკოვმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებისა და მოქნილი სერვისების დანერგვის აუცილებლობაზე, მათ შორის სასაზღვრო კონტროლის ნაწილში.
“თქვენი კითხვა ასევე არის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს შუა კორიდორის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ამაზე პასუხი არის შემდეგი: გარდა იმისა, რომ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ასევე, უნდა ვიზრუნოთ მოქნილი მომსახურებისა და სერვისის შექმნაზე, რადგან გვაქვს სიტუაციები, შესაძლოა, არა აუცილებლად შუა დერეფნის გასწვრივ, მაგრამ სხვა დერეფნებში, როცა გზებს ვაშენებთ, სატვირთოები სწრაფად მოძრაობენ, თუმცა შემდეგ ისინი სასაზღვრო კონტროლზე რამდენიმე კვირას კარგავენ. ეს ფაქტიც აჩვენებს, რომ უნდა გავაუმჯობესოთ ამ კუთხით თანამშრომლობა. ამ ინიციატივის ფარგლებში, მაგალითად, საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი სასაზღვრო გამშვები პუნქტის შექმნაზე და პროცედურების ჰარმონიზაციის მცდელობაზე. რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს ციფრული საშუალებებით საქონლის გადატანა რეგიონებში“, – განაცხადა იუჯინ ჟუკოვმა “ინტეპრესნიუსის” კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ, მილანში, ADB-ის 58-ე წლიური შეხვედრების ფორმატში.
შეგახსენებთ, რომ 58-ე ყოველწლიური შეხვედრები მილანში 4-7 მაისის პერიოდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა – „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება”.