იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს

მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს.
ამის შესახებ კონფერენციის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე კონფერენციამ მიქაბერიძე 290 ხმით აირჩია, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლე წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოსამართლე ლევან ნადარაიამ საბჭო დატოვა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა.
რაც შეეხება იმას, რატომ დატოვა ნადარაიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მურუსიძე აცხადებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ძალზედ საპატიო თანამდებობაა და შესაბამისად, რეზო ნადარაიამ მიიღო გადაწყვეტილება და გადავიდა“.
როგორც მან აღნიშნა, მოსამართლე რეზო ნადარაია, საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა წარადგინა.
„რეზო ნადარაია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ წარდგენილი იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში და ბუნებრივია, ადგილი იყო ვაკანტური. კანონის თანახმად, ჩვენ ვალდებული ვიყავით მოგვეწვია მოსამართლეთა კონფერენცია და აგვერჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მოსამართლე, ვინც წამოვიდა, განმარტება აქვს გაკეთებული, რომ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო საქმიანობის განხორციელება .
ბატონი რეზო რატომ გადავიდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ამას ალბათ თავად ბატონი რეზო გეტყვით, მაგრამ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა ძალზედ საპატიო თანამდებობა არის და შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება და გადავიდა. თან, წარადგინა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.