იურისტი განმარტავს, რატომ არ არის სწორი მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა

იურისტი, მოძრაობა “ხმის” წევრი ვაკო ნაცვლიშვილი განმარტავს, რატომ არ არის სამართლებრივად სწორი, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა. მისი შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით უნდა დაწყებულიყო.
ნაცვლიშვილი პუნქტობრივად ჩამოთვლის არგუმენტებს:
· სადავო არავისთვის არ არის, როგორ უნდა აღვწეროთ მისი ქმედება. სილა გააწნა პოლიციელს. შეიძლება, ასეც: ალიყური აჭამა. ეს, არსებითად, სინონიმურია, მაგრამ, რადგან ინციდენტის მონაწილე არის ქალი, ქალის ნათავაზებ ალიყურზე სილის გაწნას უფრო ვიყენებთ. ამაზე ზუსტი აღწერა არ არსებობს;
· გაიხსენეთ ქართულ ლიტერატურაში ასეთი სცენები. ქართულ კინოშიც. რეალურ ცხოვრებაშიც. როდის გააწნის ქალი კაცს სილას. მაშინ, როცა ქალი შეურაცხყოფილია, როცა თავს დამცირებულად გრძნობს, ან როცა უნდა, კაცი გონზე მოიყვანოს, შეაჩეროს, გამოაფხიზლოს, ან კაცით იმედგაცრუებულია, მასზე წარმოდგენა დაკარგა;
· მე ამ ლიტერატურულ და კინო ფრაგმენტებს სასამართლოშიც წარვადგენდი იმიტომ, რომ სამართალიც ამ ენაზე ლაპარაკობს, რა ენაზეც ლიტერატურა და კინო კეთდება. ქალის მხრიდან სახეში სილის გაწნა ნიშნავს პიროვნებაზე ზემოქმედებას, პიროვნულზე ზემოქმედებას, რადგან სახე, არსებითად, პიროვნებას გამოხატავს;
· მზია ამაღლობელს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. რა არის თავდასხმა? თავდასხმა გულისხმობს უეცარ იერიშს, გამოხდომას, თავს დაცემას. ეს ტერმინი გამოიყენება სპორტშიც, სამხედრო ოპერაციებშიც, მედიცინაშიც, სამართალშიც;
· სისხლის სამართლის კოდექსი თავდასხმას იყენებს სხვადასხვა დანაშაულთან მიმართებით. ისეთთან, როგორიც არის მაგ. ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ტერორიზმი, მეკობრეობა, შეიარაღებული კონფლიქტი, ადამიანთა ჯგუფის ეთნიკური და რელიგიურ ნიადაგზე დევნა;
· განვაზოგადოთ. თავდასხმა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას. უფრო ზუსტად, თავდასხმა ფიზიკურ ზემოქმედებას შეიძლება კი გულისხმობდეს, მაგრამ მთავარი, რაც მას განასხვავებს ფიზიკური ზემოქმედებისგან, არის ის, რომ თავდასხმა იწვევს უეცარი საფრთხის, დაუცველობის, ხიფათის მძაფრ განცდას. თავდასხმა, პირველ რიგში, ასეთი ზემოქმედებაა და სავალდებულო არ არის, მას ფიზიკური დაზიანება ახლდეს;
· ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა ასეთ პანიკას არ აღძრავს, განსაკუთრებით, თუ ეს პოლიციელი კაცია, ინციდენტი ხდება პოლიციასთან ახლოს, პოლიციელთა თავყრილობის შუაგულში. მზია ამაღლობელს ვერც ექნებოდა ვერც თავდასხმის განზრახვა, მაგრამ მას უდავოდ ქონდა პოლიციელის შეურაცხყოფის განზრახვა. განზრახვის გარეშეც, ამ ქმედებით მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს;
· ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება იწვევს დაჯარიმებას 2000-3000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ამ მუხლით უნდა დაწყებულიყო საქმე. სხვა დანარჩენი უკანონოა.
“სამართალი მზია ამაღლობელს”, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.
ამავე თემაზე:
· სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს – გურამ იმნაძე

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო