იურისტის თქმით, საკონსტიტუციომ პარტიების აკრძალვის სარჩელზე ვენეციის კომისიასაც უნდა მიმართოს

იურისტის, ლევან ალაფიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ პარტია ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს, მისი საქმიანობა საზოგადოებას და დემოკრატიას უნდა უქმნიდეს სერიოზულ პრობლემას და არა მის პოლიტიკურ ოპონენტს.
ასე ეხმაურება იურისტი ნეტგაზეთთან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და სამი პოლიტიკური ძალის − ენმ-ს, “ახალის” და “ლელოს” − აკრძალვას მოითხოვს.
ლევან ალაფიშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის და მისი კონსტიტუციურობის შეფასებისთვის მხოლოდ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა საკმარისი საფუძველი არ არის.
„როგორი მოცულობითიც არ უნდა იყოს ესა თუ ის დოკუმენტი [საგამოძიებო კომისიის დასკვნა], სტატუსიდან გამომდინარე მტკიცებულებად ვერ გამოდგება. მით უმეტეს, იგივე კონსტიტუცია, იგივე პარლამენტის რეგლამენტი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის ფუნქცია არის კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით, კონკრეტული სამართლებრივი, პოლიტიკური შეფასების გაკეთება და შესაძლო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თანამდებობის პირებისა, მაგალითად, იმპიჩმენტის ინიციირება, ან საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაგზავნა გამოძიებისთვის. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითისთვის, საქართველოს ისტორიაში ყოფილა არაერთი საგამოძიებო კომისია შექმნილი და, როგორც წესი, ყველა სწორედ ამ ორი შედეგით გაგრძელებულა. ერთ-ერთ მოსმენაზე საგამოძიებო კომისიის წევრმა დაუსვა ყოფილ ბიზნესმენს კითხვა, რომ თქვენი უფლებების აღდგენისთვისო რამე ღონისძიებას მიმართეთო? კიო, სასამართლოსაც მივმართეო და იქ დავმარცხდიო. მერე პროკურატურაში რომ გაქვთ შექმნილი ის კომისიაო, იმათაც მივმართეო და რა მოხდა მერეო? არაფერიო. ეს უბრალოდ ერთი მაგალითია“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
როგორც ლევან ალაფიშვილი ამბობს, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასება საკმაოდ რთული პროცესია. მისი თქმით, ვენეციის კომისიასაც აქვს სახელმძღვანელოები, მათ შორის პარტიების საქმიანობის აკრძალვის შესახებ, სადაც ეს უკიდურეს ზომად განიხილება.
„როდესაც ვსაუბრობთ პარტიის საქმიანობის ანტიკონსტიტუციურობაზე, მაშინ მარტივ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – ამა თუ იმ პარტიამ რამდენ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა? თუკი პარტია არჩევნებში მონაწილეობს, მის ანტიკონსტიტუციურობაზე მტკიცება ძალიან რთულდება. სწორედ ამიტომ იგივე ევროპული სტანდარტი ამბობს, რომ უკიდურესი ზომა უნდა იყოს ეს ყველაფერი. თუკი [პარტიის] რომელიმე წევრმა რაიმე ქმედება ჩაიდინა, ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია. მაგალითად, ს ან იგივე ვანო მერაბიშვილის მიმართ დადგა განაჩენები, ხომ? მაგრამ ეს განაჩენები არ არის საკმარისი საფუძველი მტკიცებისთვის, რომ პარტიის ყველა წევრი არის პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე. აი ასეთია ევროპული სტანდარტი. პოლიტიკური პარტიის საქმიანობა საზოგადოებას, დემოკრატიას უნდა უქმნიდეს სერიოზულ პრობლემას და არა მის პოლიტიკურ ოპონენტს. ეს ორი საკითხი უნდა გაიმიჯნოს“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
„ქართული ოცნება“ იმ მიზეზებს შორის, რის გამოც პარტიებს საქმიანობა უნდა აკრძალოთ, ასახელებს იმასაც, რომ ეს პარტიები მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და მათი ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.
ლევან ალაფიშვილის თქმით, თუ პარტიების მსგავსი რიტორიკა პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას ცდება, მაშინ მას პასუხისმგებლობა აქამდეც მოჰყვებოდა. ამიტომ მისი თქმით, პარტიული ოპონირება და ანტიკონსტიტუციურობა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
„უნდა გაიმიჯნოს პარტიული ოპონირება. მიუხედავად იმისა, რომ ესა თუ ის პარტია დღეს შეიძლება მმართველი პარტიაა, მან საკუთარი თავი სახელმწიფოსთან არ უნდა გააიგივოს და ისე არ უნდა წარიმართოს პარტიების აკრძალვის კონსტიტუციური პროცესი“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
როგორც ლევან ალაფიშვილი ამბობს, ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.
„როდესაც პოლიტიკოსები რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელშიც, მით უმეტეს, მათი პოლიტიკური ოპონენტები ფიგურირებენ, ბუნებრივია, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ქიშპობა. როდესაც კონსტიტუციურ საკითხებზე და მით უმეტეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკა არც თუ შორსაა, იმიტომ რომ კონსტიტუციონალიზმი, კონსტიტუცია საფუძველია დემოკრატიული სახელმწიფოსი, რომელშიც პოლიტიკა კეთდება. შესაბამისად, პოლიტიკისგან ხშირად რთულია ხოლმე გაიმიჯნოს ეს ყველაფერი. თუმცა, ეს უნდა შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თუკი მცირედი იმედი მაინც სადმე არსებობს“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ამიტომ ლევან ალაფიშვილის თქმით, კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლო საკონსულტაციო დასკვნისთვის ვენეციის კომისიას მიმართავს. მისი თქმით, ამით მას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საჯარო დემონსტრირების შესაძლებლობა მიეცემა და საზოგადოებასაც ნაკლები სკეფსისი ექნება შემდგომი გადაწყვეტილებების მიმართ.
„შესაბამისად, გადაწყვეტილებაც უკვე მეტად პროფესიული იქნება, თუკი გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ფაქტია, რომ რეალურად რთულია, პოლიტიკური პროცესია… ოღონდ, რთული არ ნიშნავს შეუძლებელს, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი. სხვა ქვეყნებსაც მიუმართავთ, მაგალითად შემიძლია მოვიხმო, სომხეთი, სადაც ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მათ მიმართეს ვენეციის კომისიას და ვენეციის კომისიამ გასცა დასკვნა ამ საკითხზე და, შესაბამისად, სასამართლომ გამოიყენა ეს ყველაფერი. ასე რომ, შესაძლებელი არის. ყველას მინდა შევახსენო, 2012 წლის ს შემდგომ საქართველოში იყო ჩამოსული ჩვენი დიდი პარტნიორი, გულშემატკივარი, , პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჟურნალისტების ერთ-ერთ კითხვაზე მან მოკლე და, სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი გასცა: „თქვენ უკვე გქონდათ პოლიტიკური ვენდეტა, დაასრულეთ, რეფორმებს მიხედეთო“. ეს ევროპელმა გვითხრა, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომელიც ევროპაში ქმნის ამინდს და ანგარიშგასაწევი ძალაა. მე მგონი, მოკლედ გამოთქმული, სწორი გზავნილია და კარგი იქნება, თუკი სახელმწიფოს გადავარჩენთ ყველა, ჩვენ-ჩვენ ადგილზე“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მისი თქმით, როდესაც კონსტიტუციაზე და პარტიებზეა საუბარი, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პარტიები დემოკრატიაში ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი ინსტრუმენტია.
„ბუნებრივია, როდესაც პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურ პროცესზე ვსაუბრობთ, ამას შესაძლებელია სამომავლოდ ქართულ დემოკრატიაზე ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა, თუკი არასწორი პრეცედენტით წარემართა ეს ყველაფერი და დროის კონკრეტულ მომენტში ხელისუფლების სათავეებთან მყოფ პოლიტიკურ ძალას მიეცა ოპონენტების „სამართლებრივად ნეიტრალიზების“ შესაძლებლობა. საჯაროდ ითქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება საქართველოს ისტორიაში პარტიების აკრძალვისო და მოკრძალებით შევახსენებ ყველას, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იქნება. საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის გარიჟრაჟზევე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 1991 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით აკრძალა კომუნისტური პარტია. ამის შემდგომ კომუნისტური პარტია არჩევნებშიც მონაწილეობდა, დღესაც არის რეგისტრირებული და არა თუ არჩევნებში მონაწილეობდა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 3 თუ 4 დეპუტატიც კი ჰყავდა. კარგი იქნება, ამ საქმის განხილვის დროს, როგორც მხარეებმა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოითხოვონ და გარკვეულწილად შეადარონ არსებითი საკითხები, რა იყო და რა არის“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.