იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.
რაც შეეხება პლენარულ სხდომას, როგორც ცნობილია, პარლამენტი აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალინდელ სხდომაზე გეგმავს.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.
პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.
„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე”, – წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას