იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით განიხილავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე, მუხლობრივი მოსმენით განიხილავს. წინა სხდომასთან შედარებით, მსჯელობა უფრო დიდ სივრცეში, პარლამენტის კინოდარბაზში მიმდინარეობს. მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ა.
განხილვა თავიდანვე მწვავე კამათით დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოფიციალური გაფრთხილება მისცა ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატს. შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს ს მოსთხოვა სხდომათა დარბაზის დატოვება. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ გაანაახლა სხდომა.
ოხანაშვილის განმარტებით, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 30 აპრილს. „ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ვითომ სესია არის დღეს“, – მიმართა მან ოპოზიციას.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა „აგენტების კანონი“ 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
დღეს, 30 აპრილს, მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი კონტრაქციის ჩატარებას გეგმავს თბილისში.
კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათიდან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე.
„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“. ის აიძულებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, – და ასეთი ათასობით არის, – რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი, ძირითადად, დასავლელი დონორებისგან იღებს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარად“ დარეგისტრირდეს.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
„ქართულმა ოცნებამ” ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.
„ქართული ოცნების” უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ