იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებები, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან განცხადება მოჰყვა.
პარალელურად, დარბაზში ს მისამართით ისმოდა რეპლიკები: „მავნებელი ადამიანი“, „ქვეყნის მტერია“, „ამას რა უნდა ელაპარაკოთ, დეგენერატი ეს“.
„ძალიან თვალსაჩინოა, რომ იქმნება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის სერიოზული საფრთხე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, თქვენი აზრით, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ ტოტალიტარული ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში როგორ ფიქრობთ, არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას?, – მიმართა დაუშვილმა მსხილაძეს.
ამის შემდეგ დაუშვილს ანრი ოხანაშვილმა ასე მიმართა:
„წარმოდგენა გაქვთ რას ლაპარაკობთ? ვინმეს აღიარებაზეა მხოლოდ დამოკიდებული ჩვენი ტერიტორიები? ისტორიული ტერიტორიები და მიწა-წყალი? ცოტა დაფიქრდით რა განცხადებებს აკეთებთ, ხალხო. უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება ეს აბსურდი, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ. როგორ შეიძლება ასეთი კითხვის დასმა, წარმოდგენა გაქვთ ამხელა კაცს? თუ გნებავთ ბოდიში მოიხადეთ ამ შეკითხვის გამო მოქალაქეების წინაშე. ასეთი რამ მეორედ არ გააკეთოთ. გეყოთ გამბედაობა, მოიხადეთ ბოდიში. ხალხს უთხარით, რომ ის აბსურდი, რაც ახლა იკადრეთ, შეგეშალათ. კატასტროფაა ხალხო, რაზე მიდიხართ გესმით?“ – მიმართა ოხანაშვილმა დაუშვილს.