იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრთან იქნება ანგარიშვალდებული

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, იურიდიული დახმარების სამსახური, პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრთან იქნება ანგარიშვალდებული.
შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებები 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.
დღემდე მოქმედი კანონმდებლობით იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას. ის არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
ახალი ცვლილებებით:
· იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სამსახურის დირექტორი სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
· ახლებურად წესრიგდება იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტებისა და სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი. ნაცვლად ცხრა წევრისა, საბჭო დაკომპლექტდება შვიდი წევრისაგან, რომელთაგან 2 წევრი იქნება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, 1 − იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − საქართველოს გენერალური პროკურორი, 1 − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − საქართველოს სახალხო დამცველი და 1 − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;
· საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად განისაზღვრება მათი შესაბამის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდი;
· სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება ენიჭება პრემიერ-მინისტრს, რომელსაც საბჭო დასანიშნად წარუდგენს სამსახურის დირექტორობის კანდიდატს. ამასთანავე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების შედეგად იურიდიული სამსახურის დირექტორისთვის 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემული კომპენსაცია დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია