იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრთან იქნება ანგარიშვალდებული

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, იურიდიული დახმარების სამსახური, პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრთან იქნება ანგარიშვალდებული.
ამას „ქართული ოცნების“ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ავტორებიც არიან:არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
მოქმედი კანონმდებლობით იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას. იგი არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით:
· იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სამსახურის დირექტორი სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
· ახლებურად მოწესრიგდება იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტებისა და სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესები. ნაცვლად ცხრა წევრისა, საბჭო დაკომპლექტდება შვიდი წევრისაგან, რომელთაგან 2 წევრი იქნება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, 1 − იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − საქართველოს გენერალური პროკურორი, 1 − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − საქართველოს სახალხო დამცველი და 1 − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;
· საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად განისაზღვრება მათი შესაბამის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდი;
· სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც საბჭო დასანიშნად წარუდგენს სამსახურის დირექტორობის კანდიდატს. ამასთანავე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების შედეგად იურიდიული სამსახურის დირექტორისთვის 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემული კომპენსაცია დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი