იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს – ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე “ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე”

ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, მაშინ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა, – ამ სიტყვებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მიმართა.
ამასთან, დაკავებულმა სასამართლოს საკუთარი თავი წარუდგინა, როგორც “გლობალური ომის პარტიის” დამფუძნებელი და “დიფ სთეითის” “წილის მფლობელი”.
“გლობალური ომის პარტიის” დამფუძნებელი და “დიფ სთეითის” 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე “მალადოი”…
თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში ყოფნა რთულია, არავისთვის მარტივი არ არის. არ მაინტერესებს თუ პატიმრობაში დამტოვებთ, ამ ქვეყნისთვის კვდებოდნენ და მეც არ მინდა ვინმეზე ნაკლები გავაკეთო. რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა, ასევე არის ფოიერვერკი, კვამლს რომ უშვებს, მაგის პატარა კაფსულა. ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი. ძალიან გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ.
რაც შეეხება იმას, რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა, 4-დან 6-წლამდე, ანუ ამ ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე.
გირაოზეც მინდა გითხრათ, ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ, რომ დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით. თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ”,- განაცხადა ცხადაძემ.
აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ცხადაძემ უპასუხა, რომ „ამ წუთიდან გაითვალისწინებდა“.