იუმორისტი ვასო ფხაკაძე ადვოკატთან ერთად პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა.
როგორც ფხაკაძე აცხადებს, საქმე ეხება 12 მარტს მომხდარ შემთხვევას. კერძოდ, როგორც ის აცხადებს, ყოფილმა პოლიციელმა, რომელიც მისი მეზობელია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
„თვე-ნახევრის შემდეგ დაგვიბარეს მუქარასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებაში. დეტალურად მოვუყევი, რა იყო და როგორ იყო. მე მაინტერესებს, ეს ადამიანი, როცა მემუქრებოდა, მარტო იყო თუ არა, რაიმე ნივთი ხომ არ ეჭირა ხელში, რომ მირეკავს, მოდი, გელოდებიო მეუბნება, მემუქრება და ბილწსიტყვაობს, ეს მაინტერესებს. თუ გამოძიებას დაიწყებენ, შესაბამისად, დაადგენენ“, – განაცხადა ფხაკაძემ გამოკითხვის შემდეგ.
ვასო ფხაკაძის ადვოკატის, თორნიკე გიგინეიშვილის თქმით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ შეტანილი საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყებოდა, თუმცა როგორც მათ განუცხადეს, არ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს.
„12 მარტის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში მოვედით, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა გამოკითხვის ოქმი და დაიწყებოდა გამოძიება ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე. როგორც აღმოჩნდა, საგამოძიებო ორგანოს მიაჩნია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არ არის საკმარისი საფუძველი, რომ დაიწყოს გამოძიება.
ვასომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გაიხსენა ყველა ის ფაქტი, რომელიც ამ პიროვნებასთან აკავშირებს.
დაველოდებით გამოძიება დაიწყება თუ არა“, – განაცხადა ადვოკატმა.
