რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატი, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. უკრაინელი პოლიტიკოსის ძებნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იულია ტიმოშენკო სისხლის სამართლის მუხლით იძებნება.
მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტის ძებნილთ სიაში შეყვანას “რუსეთის სახელმწიფო მანქანისა და პროპაგანდის სასოწარკვეთილების გამოხატულება“ უწოდა.
რუსეთის ხელისუფლებამ გარკვეული პერიოდულობით მანამდე ძებნილთა სიაში არაერთი უკრაინელი მოხელე და პოლიტიკოსი შეიყვანა. მათ შორის: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაური ალექსანდრე პავლიუკი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსეი დანილოვი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი.
ფორუმი