უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად იულია სვირიდენკოს დანიშვნას. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს 262 ხმით.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკოს კანდიდატურა პარლამენტს გუშინ, 16 ივლისს წარუდგინა.
40 წლის სვირიდენკო 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იყო. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა დენის შმიჰალი, რომელიც უკრაინის მთავრობას 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა.
შმიჰალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 15 ივლისს გადადგა.
უკრაინული მედია ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში წერდა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიჰალს იულია სვირიდენკო შეცვლიდა. საკადრო ცვლილებების თემა ისევ გააქტიურდა 2025 წლის ივნისში.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, იულია სვირიდენკოს 100%-ით ლოიალურად და „თავისიანად” მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი. მთავრობაში მუშაობის დაწყებამდე სვირიდენკო ერმაკის მოადგილე იყო.
ფორუმი




