იულია ნავალნაია – სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ჩემი შვილების მამა – მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს და გთხოვთ, ჩემს გვერდით დადექით – გაიზიარეთ არა მხოლოდ ჩემი ტკივილი, არამედ სიბრაზეც

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს მეუღლე, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმრის საქმეს გააგრძელებს.
„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. მე მინდა ვიცხოვრო თავისუფალ რუსეთში, მინდა ავაშენო თავისუფალი . სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. პუტინმა ჩემი შვილების მამა მოკლა. პუტინმა წაიღო ყველაზე ძვირფასი, რაც მქონდა, მაგრამ პუტინმა ნავალნი თქვენც წაგართვათ. მასთან ერთად უნდოდა მოეკლა ჩვენი იმედი, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა იულია ნავალნაიამ.
ალექსეი ნავალნის მეუღლემ საზოგადოებას მოუწოდა, მასთან ერთად იბრძოლონ ომის წინააღმდეგ, უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ.
„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ, ჩემს გვერდით დადგეთ. გავიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და ტკივილი, არამედ, გთხოვთ, გაიზიაროთ ჩემი სიბრაზეც“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ ვიდეო მიმართვაში.
ცნობისთვის, იულია ნავალნაია ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ