ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ სტრასბურგში, ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლის დროს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.
ამასთან, ყურადღება გაამახვილა არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ გადაწყვეტილებასა და სახალხო პროტესტზეც – პოლიციის მხრიდან ძალადობაზე როგორც დემონსტრანტების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
იულიან ბულაიმ აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარება ძალიან შემაშფოთებელია და მოითხოვა საქართველოს 53 პოლიტპატიმრის, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვა.
მისივე თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოში ნოემბრის შემდეგ მოხდა, ბევრ კითხვას აჩენს ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
“საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარება ძალიან შემაშფოთებელია. ქვეყანა მიდის ავტოკრატიისკენ და არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა ორი მოწოდების გასაკეთებლად: პირველია – საქართველოში მყოფი 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რომელთაგან ერთი ჟურნალისტი უკვე 16 დღეა შიმშილობს. მეორე – ყველაფერი, რაც ნოემბრის შემდეგ მოხდა, [არჩევნებზე] ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრ კითხვას აჩენს ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და გზას უხსნის ამ ასამბლეას და ამ პალატას, რათა წაახალისოს საქართველოს ხელისუფლება ყველა იმ ძალასთან ერთად დიალოგისკენ, ვინც უნდა შექმნას და იმუშაოს საქართველოში ახალი არჩევნებისთვის. იმისთვის, რომ მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს მთავრობას და ფუნქციონირებდეს პარლამენტი, ასევე დეპუტატებს, რომლებიც აქ არიან ორივე ძალიდან, მათ შორის ოპოზიციიდან”, – თქვა მან.