იტალიის სენატში ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც ქართული ოცნების გარემოცვის დასანქცირებას ითვალისწინებს.
“ვითხოვთ რეჟიმის დაგმობასა და არ აღიარებას, ინდივიდუალური სანქციების დაწესებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას”, – აცხადებს სენატორი ფილიპო სენსი.
რეზოლუცია მთავრობას დაავალდებულებს, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, არც ერთ დონეზე არ ითანამშრომლოს ქართულ ოცნებასთან, დააწესოს ინდივიდუალური სანქციები.
რეზოლუციაში რამდენიმე თავი აქვს დათმობილი დასასანქცირებელი ადამიანების სიას, მათ შორის არიან ქართული ოცნების ლიდერები, პარტიის გარემოცვა, პროპაგანდისტები, მოსამართლეები და ა.შ.
“[მოთხოვნილია] პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე”, – წერია რეზოლუციაში.
რეზოლუციის მიხედვით, სანქციები უნდა გავრცელდეს მათ შორის ირაკლი კობახიძეზე, შალვა პაპუაშვილზე, ვახტანგ გომელაურზე, კახა კალაძეზე… მოსამართლეებზე, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლებიც გამოსცემენ პოლიტიკურად მოტივირებულ განჩინებებს, და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, აგრეთვე ფინანსურ შუამავლებზე, რომლებიც ჩუმად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს, ასევე რეჟიმთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მფლობელებზე, როგორიცაა TV იმედი, პოს ტვ და რუსთავი 2. სიაშია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინა ბერძენიშვილიც.
რეზოლუციაში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი ბიძინა ივანიშვილის, მისი ცოლისა და შვილების დასანქცირების მოთხოვნა. ასევე, მათი, ვინც ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.
