იტალიის სენატში მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის შესახებ ისაუბრეს

გუშინ, 4 აგვისტოს, იტალიის სენატში მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის შესახებ ისაუბრეს.
იტალიის სენატის წევრმა მარკო ლომბარდომ სიტყვით გამოსვილისას განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი არა დამნაშავეები, არამედ პოლიტიკური პატიმრები არიან.
„მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას საპროცესო გარიგება შესთავაზეს, შეეძლო დათანხმებოდა და გათავისუფლებულიყო, მაგრამ თქვა, რომ ეს მისთვის ცოცხლად დამარხვა იქნებოდა. მინდა მოვიტანო მზიას მიერ სასამართლოში წარმოთქმული სიტყვები, რომელშიც გამბედაობა ჩანს: „თქვენი სოლიდარობის წყალობით გადავრჩი. ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების რწმენას. დრო ჯერ კიდევ არის. ბრძოლა გამარჯვებამდე! ნუ დაკარგავთ იმედს. მჯერა იმის, რომ როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული, აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული.“ ვიმეორებ, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, – განაცხადა მარკო ლომბარდომ.
იტალიელმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა პატიმრობაში მყოფი პედაგოგისა და აქტვისტის, ნინო დათაშვილის შესახებ, რომელსაც, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას უპირებენ.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოყენება პოლიტიკური დევნის იარაღაც რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ისეთი ადამიანები, როგორებიც მზია ამაღლობელი ან ნინო დათაშვილი არიან, არ არიან დამნაშავეები, ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან“, – განაცხადა მარკო ლომბარდომ.
მარკო ლომბარდოს თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ლეგიტიმური არაა და ის არის რეჟიმი.
„ამ [იტალიის] მთავრობის ზოგიერთი წევრი გვეუბნება, რომ ისინი შეხვდნენ ამ [„ქართული ოცნების“] მთავრობის წარმომადგენლებს, რადგან მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობა იზოლირებული არ დარჩეს ს ხელში.
მე ვფიქრობ, რომ იტალიის ამოცანა, ჩვენი მთავრობის ამოცანა, ჩვენი მორალური მოვალეობაა, იზოლირებული არ დავტოვოთ რუსეთის ხელში არა მთავრობა, არამედ ქართველი ხალხი, რადგან ეს ახალგაზრდები მხოლოდ დემოკრატიას, თავისუფლებას და მშვიდობას ითხოვენ. ჩვენი ამოცანაა ვუთხრათ მათ: იყავით ძლიერები, რადგან მარტო არ ხართ“, – განაცხადა მარკო ლომბარდომ.
· რა ხდება
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.
სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.
ნინო დათაშვილი არის პედაგოგი, რომელიც 20 ივნისს იმავე მუხლით დააკავეს, რა მუხლითაც 6 თვით ადრე მზია ამაღლობელი. პროკურატურა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოხელეზე თავდასხმას ედავება: ამაღლობელს პოლიციელზე, ხოლო დათაშვილს – თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე. ორივე მათგანის შემთხვევაში პროკურატურა თავდასხმად აფასებს სილის გარტყმას მას შემდეგ, რაც აწ უკვე ბრალდებულ ქალებს კაცები შეურახმყოფელად და ღირსების შემლახველად მოექცნენ.
გუშინ, 2 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. თუ ნინო დათაშვილი უარს განაცხადებს ამ შემოწმებაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანენ. შემოწმების მიზნით დათაშვილმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს.