იტალიის პირველმა ხომალდმა ზღვაში გადარჩენილი 16 მიგრანტი ჩაიყვანა ალბანეთში

იტალიის ხომალდი, რომელზეც ზღვაში გადარჩენილი 16 მიგრანტი იმყოფებოდა, ალბანეთის ნავსადგურში შევიდა. ალბანეთში ისინი თავშესაფარს მოითხოვენ.
16 ოქტომბერს იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების პირველი ხომალდი შევიდა ალბანეთის ნავსადგურ შენჯინში, რათა ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცეს 16 მიგრანტი, რომლებიც საერთაშორისო წყლებში იქნენ აყვანილი, როცა იტალიაში ჩაღწევას ცდილობდნენ.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი Libra იტალიის კუნძულ ლამპედუზის ნავსადგურიდან გავიდა 14 ოქტომბერს. ალბანეთში მან ჩაიყვანა ათი ბანგლადეშელი და ექვსი ეგვიპტელი, რომლებიც ლიბიიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ ზღვის საშუალებით, სადაც ისინი გადაარჩინეს იტალიის ძალებმა.
გასულ კვირაში იტალიამ ალბანეთში ოფიციალურად გახსნა ორი ცენტრი, სადაც ათასობით მიგრანტის საქმეების განხილვა იგეგმება იტალიელი მოხელეების მიერ საზღვრებს გარეთ.
ადამიანის უფლებების დამცველები იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას უარყოფენ და ეჭვი შეაქვთ მიგრანტების საბუთების დამუშავების ამ ფორმის ლეგალურობაში.
ალბანეთის ბანაკებში იქნებიან მხოლოდ მოზრდილი კაცები. სხვები – ქალები, ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები ან წამების მსხვერპლები – იტალიაში დარჩებიან. ოჯახებს ერთმანეთს არ დააშორებენ.
იტალიის ელჩმა ალბანეთში, ფაბრიციო ბუჩიმ განაცხადა, რომ ორი ცენტრი უკვე მზადაა მიგრანტების მისაღებად მას მერე, რაც მათი გახსნა რამდენიმე თვის განმავლობაში გადაიდო.
იტალიის სანაპირო დაცვას, ასევე არეალში მოძრავ ჰუმანიტარული ორგანიზაციების გემებს, სისტემატურად უწევთ მიგრანტების გადარჩენა ღია ზღვაში, სადაც ისინი გაუმართავი გემებით ცდილობენ ევროპაში მოხვედრას.

ასევე დაგაინტერესებთ