მილანის სასამართლომ ჟურნალისტი პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის სიმაღლეზე დაცინვისთვის 5 000 ევროთი დააჯარიმა.
იტალიის პრემიერმინისტრმა ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო უჩივლა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს კომპენსაციის მელონისთვის გადახდა მოუწევს.
ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კარიკატურული ფოტო, სადაც გამოსახული არიან იტალიის ყოფილი ფაშისტი დიქტატორი, ბენიტო მუსოლინი და ჯორჯია მელონი.
შემდგომ, აღნიშნულმა პირმა დაწერა “ჯორჯია, ვერ შემაშინებ. შენ მხოლოდ 1.2 მეტრის სიმაღლის ხარ. ვერც კი გხედავ.”
ჟურნალისტს შეუძლია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, ხოლო მელონის ადვოკატის მიხედვით, პრემიერმინისტრი კომპენსაციის სახით მიღებულ სრულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიაში ჟურნალისტი ჯორჯია მელონის მიმართ გაკეთებული კომენტარების გამო დააჯარიმეს. გასულ წელს, მელონიმ სასამართლოში უჩივლა ჟურნალისტსა და მწერალს, რობერტო სავიანოს მას შემდეგ, რაც მან 2021 წელს ტელევიზიით შეურაცხყოფა მიაყენა მელონის არალეგალური მიგრაციის მიმართ მისი ხისტი დამოკიდებულების გამო. მელონიმ სავიანოს უჩივლა და რომის სასამართლომ მას 1 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.
