იტალია უკრაინას სამხედრო დახმარების მე-12 პაკეტს გადასცემს
ძალაში შევიდა იტალიის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-12 პაკეტის გადაცემას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერა თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან კოორდინაციით.
დადგენილების მიხედვით, იტალია უკრაინის სამთავრობო უწყებებს სამხედრო ტექნიკას, მასალებსა და აღჭურვილობას გადასცემს. კონკრეტული ერთეულები საჯაროდ არ სახელდება. უკრაინული წყაროების ცნობით, გადაცემის სია იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ შედგენილ, გასაიდუმლოებულ დოკუმენტში შედის, რომლის შინაარსიც უსაფრთხოების მიზნით არ ქვეყნდება.
ოფიციალური მონაცემებით, დახმარება უკრაინას უსასყიდლოდ გადაეცემა.
უკვე წლებია, რაც იტალია კიევისთვის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი აქტიური მიმწოდებელია. 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ქვეყანამ უკრაინას 11 დახმარების პაკეტი უკვე გადასცა, რომელთა საერთო ღირებულება 2.5–3 მილიარდ ევროს შორის მერყეობს.
არაოფიციალური ცნობებით, იტალიამ უკრაინას SAMP/T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი ბატარეაც გადააბარა. იტალიურ მედიაშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამხედრო დახმარების მე-12 პაკეტი 2025 წლის ბოლოსთვის მზადდებოდა, თუმცა დადგენილების მიღების შემდეგ პროცესი დაჩქარდა.
გარდა ამისა, იტალია აცხადებს მზადყოფნას, შეუერთდეს ნატოს PURL-ის პროგრამას, რაც აშშ-ის წარმოების იარაღის მათ შორის „პეტრიოტების“ რაკეტების შესყიდვას ითვალისწინებს ევროპული დაფინანსებით.



