იტალია ითხოვს, ხელახლა განიხილონ შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხი

იტალიის მთავრობას სურს, ხელახლა განიხილონ 2035 წლისთვის შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ევროკავშირში გაყიდვის აკრძალვის საკითხი.
სწორედ ამ მიზეზით იტალიის მრეწველობის მინისტრი ადოლფო ურსო მოითხოვს, გააქტიურდეს ე.წ. „გადახედვის პუნქტი“ იმ რეგულაციის მიხედვით, რომელიც ასეთი ავტომობილების აკრძალვას ითვალისწინებს. ახლა ევროპული საავტომობილო ბაზრისთვის რთული პერიოდია.
აგვისტოში, გასულ წელთან შედარებით, 18 პროცენტით ნაკლები ავტომობილი დარეგისტრირდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიასა და საფრანგეთშია.
იტალიის მრეწველობის მინისტრის ადოლფო ურსოს თქმით, ევროპის კონტინენტზე ავტომობილების წარმოება ჩამოიშალა, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ელექტროავტომობილების შეძენის მსურველთა რაოდენობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინისტრი ფიქრობს, რომ დასახული მიზნები 2035 წლისთვის ვერ მიიღწევა.
იტალიის მთავრობა საკითხის გადახედვას ითხოვს. მათი აზრით, შიგაწვისძრავიანი ავტომობილები ჯერჯერობით არ უნდა აიკრძალოს. უნდა დაუშვან გამონაკლისი ბიოსაწავავზე მომუშავე ავტომობილებზე ან დაუკავშიროს ის უფრო დიდ ინვესტიციებს, რომელთა საშუალებით შეძლებენ მიზნის მიღწევას.
ადოლფო ურსოს თქმით, არსებობს ორი გზა. ერთია ამ ამბიციური მიზნისთვის ბრძოლა და ამ პროცესის დაჩქარების წინაპირობების შექმნა, რაც რესურსებზე წვდომას ითვალისწინებს. მისი თქმით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი და სტრატეგიული ავტონომია. ხოლო თუ ამას ვერ მოახერხებენ, მოუწევთ, ნაკლებად სასურველ გზას დაადგნენ და თავიანთი მიზნები დროებით დაივიწყონ.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი დისკუსიების მომხრეა, თუმცა მიაჩნია, რომ 2035 ის წელი უნდა იყოს, როდესაც გაყიდვები აიკრძალება. სხვა ქვეყნებმაც შესაძლოა მხარი დაუჭირონ იტალიელთა შეთავაზებას, თუმცა ევროკომისიაზეა დამოკიდებული, გადახედავს თუ არა ამ საკითხს.
წყარო: euronewsgeorgia