იტალიაში წიგნების ფასები წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა

იტალიაში დაწყებითი და საშუალო სკოლის დაახლოებით 7 მილიონი მოსწავლე ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის. მხოლოდ პირველ დღეს, მშობლებმა საკმაოდ დიდი თანხა დახარჯეს სასკოლო ნივთებზე, როგორებიცაა საკანცელარიო ნივთები, ჩანთები და წიგნები. სკოლის ხარჯები მუდმივად მზარდია. წელს იტალიელი ოჯახები 2023 წელთან შედარებით 7%-ით მეტს იხდიან სასკოლო ინვენტარის შესაძენად.
მარია როსარიასა და ჯოვანის ორი შვილი ჰყავთ. მათ სკოლისთვის მოსამზადებლად დაახლოებით 600 ევრო დახარჯეს და ეს მხოლოდ დასაწყისია.
მარიას თქმით, სექტემბერში შეძენილი სასკოლო ნივთები არ არის საკმარისი და წლის განმავლობაში კვლავ უწევთ დამატებით ყიდვა.
მშობლები ცდილობენ, თანხა შეძლებისდაგვარად დაზოგონ, მაგალითად, შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები.
პატრიცია მარტოხელა დედაა, რომელმაც უკვე თითქმის 700 ევრო დახარჯა. მის მე-6 კლასელ შვილ ჯულიას დღეს ეწყება სწავლა.
დაბალი შემოსავლის გამო მას სახელმძღვანელოებზე დახარჯული თანხიდან თითქმის 300 ევრო აუნაზღაურდება.
იტალიაში წიგნების ფასები წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა. ბევრი ძველ წიგნებს ყიდულობს, ან ონლაინ უკვეთავს.
იტალიაში ფიქრობენ, რომ ეს ერთადერთი გზაა, რათა გაუმკლავდნენ იმ ხარჯებს, რომლებიც განათლების მისაღებადაა აუცილებელი.