იტალიაში იპოვეს მიკროორგანიზმი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში

იტალიელმა მკვლევართა ჯგუფმა სიცილიური არქიპელაგის ნაწილის, კუნძულ ვულკანოს სანაპიროზე აღმოაჩინეს მიკროორგანიზმი, რომელსაც შეუძლია ნახშირორჟანგის (CO2) შთანთქმა და მისი საკუთარი ზრდისთვის გამოყენება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ეს აღმოჩენა შეიძლება იყოს გლობალური დათბობის – თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის გასაღები.
მიკროორგანიზმმა მიიღო არაოფიციალური სახელი ჩონკუს (Chonkus). ის მიეკუთვნება ციანობაქტერიებს.
მიკროორგანიზმი აღმოაჩინეს წყალქვეშა ვულკანური წყაროების მახლობლად, სადაც დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა წყალში. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ჩონკუსი არა მხოლოდ სწრაფად იზრდება, არამედ ეფექტურად ამუშავებს ნახშირორჟანგს, გარდაქმნის მას სასარგებლო ბიომასად.
ბევრი სხვა მიკროორგანიზმისგან განსხვავებით, რომლებიც თანაბრად ნაწილდება წყალში, ჩონკუსი ფსკერზე რჩება. ეს თვისება მას მოსახერხებელს ხდის სამრეწველო გამოყენებისთვის, რადგან ამარტივებს ბიომასის შეგროვებისა და გადამუშავების პროცესს, რამაც შეიძლება შეამციროს წარმოების ხარჯები 15-30%-ით.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჩონკუსის შემდგომი შესწავლა ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის აღების და ეკოლოგიურად სუფთა მასალების წარმოებისთვის. მაგალითად, ციანობაქტერიები უკვე გამოიყენება ისეთი პროდუქტების შესაქმნელად, როგორიცაა ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები, ანტიოქსიდანტები და სპირულინა.