იტალიაში ახალგაზრდა ქალის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი მიიღეს

იტალიაში ახალგაზრდა ქალის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი მიიღეს. Associated Press-ის ცნობით, საშუალოდ, ქვეყანაში ყოველ სამ დღეში ერთხელ იღუპება ქალი მამაკაცის ხელით.

შავ ჩანთაში გახვეული 22 წლის ჯულია ჩეკეტინის ცხედარი 18 ნოემბერს ალპური ტბის მახლობლად, თხრილში იპოვეს. იტალიური მედიის ცნობით, სასამართლო ექსპერტებმა დაზარალებულის სხეულზე დანით მიყენებული 26 ჭრილობა აღმოაჩინეს.

მანამდე კი ეროვნულმა ტელეარხებმა აჩვენეს დაცარიელებულ ქუჩაზე ჩეკეტინის მკვლელობის კადრები, რომლებიც სათვალთვალო კამერით იყო გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ იჭერს მამაკაცი ჩეკეტინის, რამდენჯერმე ურტყამს და გასისხლიანებულს ძალით მიათრევს მანქანისკენ. Associated Press-ის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ჩეკეტინის პარტნიორი ფილიპო ტურეტო. ის გერმანიაშია დაკავებული და იტალიაში ექსტრადიციას ელოდება.
ჩეკეტინი ემზადებოდა დღესასწაულისთვის – მას პადუას უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინრის ხარისხი უნდა მიეღო. დაზარალებულის მეგობრებისა და ნათესავების თქმით, მისი 21 წლის მეგობარი ბიჭი აღშფოთებული იყო, რომ იგი უფრო ადრე დაამთავრებდა სასწავლებელს და მიატოვებდა, „რათა პირადი და პროფესიული ოცნებების რეალიზება მოეხდინა”, – წერს Associated Press-ი.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციების გამართვა საზოგადოებას ჯულიას დამ, ელენამ, შესთავაზა. “ არ არის ვნების დანაშაული, ეს არის ძალაუფლების დანაშაული”, – თქვა მან ადგილობრივი გაზეთისათვის გაგზავნილ წერილში. მკვლელები “ავად არ არიან, ისინი პატრიარქატის ჯანმრთელი შვილები არიან”, – აღნიშნულია წერილში.

ჯულია ჩეკიტინის მკვლელობის შემდეგ “ხმაურის წუთები” გაიმართა სკოლებში, უნივერსიტეტებში და იტალიის პარლამენტის სხდომაზე, რომელმაც სასწრაფოდ მიიღო ქალთა დაცვის შესახებ კანონპროექტი.