„იტალიასთან საზღვაო სექტორში თანამშრომლობით ვქმნით მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც გააძლიერებს ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე“ – თამარ იოსელიანი
შუა დერეფნის საშუალებით ევროპასთან დაკავშირებადობის გაზრდის, საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების, ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკის სხვა მიმართულებებში, მათ შორის, საზღვაო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ედუარდო რიქსისთან ლონდონში გამართულ შეხვედრაზე. თამარ იოსელიანი ლონდონში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად იმყოფება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაში.
„იტალიის საზღვაო დასაქმების ბაზარი განსაკუთრებით მიმზიდველია ქართველი მეზღვაურებისთვის. ჩვენ გვაქვს სურვილი გადავიდეთ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, რომელიც გააძლიერებს დასაქმების შესაძლებლობებს, გააფართოებს სასწავლო პროგრამებს, რაც საზღვაო სპეციალობების მიმართ ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, იტალიასთან აღნიშნულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც გააძლიერებს ქართველი მეზღვაურების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
„საქართველოს საზღვაო საგანმანათლებლო სექტორი აქტიურად თანამშრომლობს იტალიის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან. ჩვენი მიზანია, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და მას კომპლექსური ხასიათი მივანიჭოთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეს არის მეზღვაურთა პროფესიული ტრენინგი, ინოვაციური სასწავლო პროგრამები, ციფრული ნავიგაცია, მწვანე გადაზიდვების უნარები და ჰიდროგრაფიული კვლევები“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელიც საზღვაო განათლებას, მეზღვაურთა დასაქმებას და ნაოსნობის უსაფრთხოების მიმართულებას მოიცავს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს




